ჭადრაკი, როგორც ცხოვრების მინიატურა

თითქმის ათასხუთასი წელი ამშვენებს ჭადრაკი ჩვენს ყოფას. დრომ მას ვერაფერი დააკლო. პირიქით, ეპოქისა და პროგრესის შესაბამისად იგი თავად უმჯობესდებოდა, დროის მიხედვით იცვლიდა სახეს. მას არასოდეს დაუკარგავს მიმზიდველობა, ყოველთვის იყო საიდუმლოებით მოცული და ინტერესის აღმძვრელი. და რაც მთავარია, მისი დაფა ყოველთვის ამშვენებდა წარმატებული ადამიანის მაგიდას.

ჭადრაკის დაფა რეალური სამყაროს მინიატურული ველია. ამ ველზე გვყავს მეტოქე, რომლის მთავარი ინტერესია ჩვენი დამარცხება, ფსიქოლოგიურად გატეხვა, დასტრესვა, დამორჩილება, ტაქტიკურად დაშამათება. და ამასთან ერთად მოწინააღმდეგის ყოველ ტაქტიკურ ხრიკს უნდა გამოცნობა, რათა თავი დავიცვათ და მოვიგერიოთ მისი იერიშები. ხოლო მეორეს მხრივ ჩვენც, როგორც ბრძოლის მეორე თანაბარუფლებიანი მხარე წარმოვადგენთ თავდამსხმელს, მოიერიშეს, რომლის ინტერესებიც ზუსტად ემთხვევა კონკურენტისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ღირსეული ბრძოლისთვის გვჭირდება ისეთი უნარ-ჩვევების კომპლექტი, როგორიცაა მოთმინება, მეხსიერება, ჩანაფიქრის დროში გათვლა და ჩვენს ტაქტიკურ გეგმაზე ორიენტირებულობა. ცხოვრებაშიც ხომ ზუსტად მასეა: ჩვენ ვებრძვით ჩვენი ინტერესებისთვის სამყაროს, სხვა ადამიანებს და რაც მთავარია საკუთარ თავს. ხან თავდაცვით პოზიციაში ვართ, ხანაც ჩვენ თვითონ ვუტევთ მათ. აი რამხელა თანხვედრაა რეალობასა და ჭადრაკს შორის.

მართლაც, ჭადრაკის შინაარსი ბრძოლაა, მეტოქეთა ზრახვების შეჯახება, ორი ინტელექტის დაპირისპირება. ეს ბრძოლა ჭადრაკის დაფის პირობით ვითარებაში მიმდინარეობს, ერთი მარტივი სათამაშო სქემით – მეტოქის მეფის დაშამათება, ბრძოლა ამ მიზნის მისაღწევად ითხოვს მოთამაშის მთელ არსებას: გონებას, ნებისყოფას, ჯანმრთელობას, ცოდნას, გამოცდილებას. აქედან გამომდინარე, ჭადრაკი კარგად გვაცნობს ადამიანს, მის სამყაროს, ცხოვრებისეულ ხედვას, ხასიათებს, გონების ძალას, ფანტაზიას, გემოვნებას და მიდრეკილებას.
ამასთან, ბრძნული თამაში გვასწავლის სხვისი აზრის პატივისცმასა და გათვალისწინებას. მეტოქის ჩანაფიქრის ანგარიშგაუწევლობა ხშირად მარცხით მთავრდება. ამიტომ ეს გენიალური თამაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ადამიანთან პოზიტიური და ღრმა ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

ამბობენ, ჭადრაკი ცვლის ადამიანის ხასიათს. ცელქი ბავშვი დინჯი და სერიოზული ხდება. არც ეს უნდა იყოს სადავო.

ჭადარაკი შემოქმედებითი თამაშია. იგი იტაცებს ადამიანის გონებას, რომლისთვისაც შემოქმედება ბუნებრივი მისწრაფებაა. ოსტატური თამაში საგანგებო ნიჭს მოითხოვს. მოჭადრაკეს, როგორც გეომეტრს, სივრცითი აზროვნების უნარი სჭირდება, რომელიც ლოგიკიდან იღებს სათავეს. თანამედროვე აზროვნება ლოგიკისა და კრიტიკული აღქმის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ჯადოსნური თამაში კი გვწვრთნის სწორედ ანალიტიკურ აზროვნებაში. პოზიციის სიღრმეში ჩაწვდომა, შესაძლებელი გაგრძელებების განხილვა დაფაზე ფიგურების გადაუადგილებლად მობილიზაციას უკეთებს გონებას, ფანტაზიას, გვაჩვევს თანამიმდევრობასა და წინდახედულებას. ამიტომ უნდა ვითამაშოთ ჭადრაკი და ჩვენი ფიქრები უფრო მეტად პროდუქტიული და მოქნილი გახდება.

ჭადრაკში გამარჯვება დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს, მაგრამ ზოგჯერ დამარცხების სიმწარესაც განგვაცდევინებს და შედეგად ჩვენ ჩვენი შეცდომებით ვსწავლობთ თამაშს. ადამიანიც ხომ ზუსტად მასე მოქმედებს რეალურ ცხოვრებაში. ის საკუთარი შეცდომითა და გამოცდილებით სწავლობს წინსვლას და ვითარდება პროგრესისკენ.

  • წაგება ყოველთვის მწყინდა, მაგრამ იგი მკარნახობდა შემეცნო ჩემი შეცდომები და მომეძებნა უკეთესი გაგრძელებანი.   /ემანუელ ლასკერი/
  • წაგებას ჩემთვის უფრო მეტი უსწავლებია, ვიდრე გამარჯვებას.   /ხორხე კახაბლანკა/

ჭადრაკი გვინერგავს ისეთ თვისებებს, რომლებიც გამოგვადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვა ასპარეზზე მოღვაწეობაში. აი რამდენად დიდია ამ ცხოვრებისეული თამაშის მნიშვნელობა თანამედროვე ადამიანის რეალობაში.  ამიტომ ვისწავლოთ ჭადრაკი, დავეუფლოთ მას და დავეუფლოთ ჩვენს ცხოვრებას!

გიორგი ეპიტაშვილი

Written by გიორგი ეპიტაშვილი

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ფინანსები და საბანკო საქმე. ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი.

ფულთან მოქცევის 9 წესი

12 მიზეზი, რომლებიც წინსვლის მოტივაციას ახდენენ