სტრესი და სამუშაო

უკანასკნელ პერიოდში, სიტყვა ”სტრესი” მყარად დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც სიტყვების “სტრესისა” და
“დეპრესიის” მნიშვნელობა არ იცოდეს. რა არის სტრესი და როგორ მოვერიდოთ მას? სტრესი თანამედროვე სამყაროს საშიში პრობლემაა, რომლის როლი დღითიდღე იზრდება და თუ მის მიმართ სწორ დამოკიდებულებას არ ვისწავლით, მან შეიძლება ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციოს.

კანადელი ფიზიოლოგის ჰანს სელიეს განმარტებით, სტრესი – ეს არის ყველაფერი, რასაც ორგანიზმი სწრაფ დაბერებამდე მიჰყავს და დაავადებებს იწვევს. თანამედროვე განსაზღვრებით კი, სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა. ხანგრძლივმა სტრესმა, რომელიც თვეობით, წლობით გრძელდება, შეიძლება მძიმე დაავადებები გამოიწვიოს, რადგან შინაგანად დაგროვილი უარყოფითი ემოცია ორგანიზმს ფიტავს და ართმევს სასიცოცხლო ძალას.

ხშირად სტრესი ჩნდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორთა გავლენით, რომლებიც ორგანიზმზე მუდმივად მოქმედებს. ასეთი ფაქტორებია: სამსახურის ხანგრძლივი ძებნა, მუდმივი წარუმატებლობა, ახლობლებთან უთანხმოება, სამსახურში მეტისმეტი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა და ა.შ

ხშირად უარყოფითი ემოცია დაკავშირებულია ასევე ადამიანის შრომის არასათანადო დაფასებასთან და ცუდ სამუშაო პირობებთან. თანამედროვე მსოფლიოში სამსახურეობრივ სტრესს კიდევ ერთი „საშინელი“ სიტყვა უკავშირდება, როგორიც არის “Deadline“ (ბოლო ვადა, რომლის დადგომისას გარკვეული სახის დავალება უნდა იქნას შესრულებული) და მთელი ცხოვრება ერთ დიდ დედლაინად გექცევა ხოლმე.

მაშასადამე, რა სიმპტომები მეტყველებს სტრესის მომატებულ დონეზე? პირველ რიგში, ადამიანები გრძნობენ, რომ ვეღარ უმკლავდებიან დატვირთვას, ისინი მუდმივად ჩქარობენ და დროის დეფიციტს განიცდიან, ვეღარ ახერხებენ კონცენტრირებას საქმეზე, უჭირთ სამსახურებრივი პრობლემებიდან გადართვა და დასვენება მაშინაც კი, როდესაც სახლში ბრუნდებიან და მუდმივ დაღლილობას უჩივიან.

მაშასადამე როგორ გავუმკვლავდეთ სტრესს? სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა პრობლემებზე და სტრესის გამომწვევ მიზეზებზე ორიენტირებული მიდგომა. სტრესთან საბრძოლველად აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • მოხდეს სტრესის წყაროების დადგენა და იმის სწავლა, როგორ დააღწიოთ თავი „თანამედროვე მკვლელს“.
  • შეეცადეთ თავისუფალ დროს ყოველდღიურად დაკავდეთ პროფესიულისგან განსხვავებული რაიმე საქმიანობით – სპორტი, შემოქმედება, რაიმე ჰობი.
  • ეცადეთ იცხოვროთ საკუთარი და არა სხვისი ცხოვრებით.
  • გამიჯნეთ სამსახურის სამყარო და პირადი სამყარო.
  • ხშირად მიმართეთ ე.წ. ტაიმ-აუტს (მცირე შესვენებებს მუშაობის პროცესში), რომლის დროსაც შეეცადეთ იფიქროთ სამუშაოსგან მოცილებულ საკითხებზე.
  • საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ. შეეცადეთ, არსებულ სიტუაციას უცხო თვალით შეხედოთ. ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
  • სამსახურის შემდეგ ფეხით ისეირნეთ 20-30 წუთი სუფთა ჰაერზე.
  • დალიეთ ჩაი და მიიღეთ C ვიტამინი. მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ შავი ჩაის შემადგენლობაშია ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს ეხმარება სტრესის დაძლევაში, ხოლო C ვიტამინი ადამიანის სისხლში დაბლა წევს სტრესის ჰორმონებს
  • ბევრი იცინეთ, რადგან სიცილი-სტრესის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა.

და ბოლოს ნუ დაუცდი იდეალურ მომენტს, აიღე მომენტი და გახადე იდეალური შენით! შენ ამას შეძლებ!!!

მოამზადა: ნინი შოშიაშვილმა

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

როგორ შევინარჩუნოთ წინსვლა

5 რჩევა ბიზნეს ეფექტურობისათვის