რა უნდა იცოდეთ, თუ ბიზნესის შემოწმებაზე მოვლენ?

ემოციური გაწონასწორებულობა და სიმშვიდე ქრება იმ მომენტში, როცა ის განსაკუთრებით საჭიროა. რთულ სიტუაციაში უნდა იფიქროთ, მოძალებული ემოციები კი ხელს გიშლით ძალების მოკრებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განსაკუთრებით მკაცრად უნდა აკონტროლოს თავისი ემოციები ხელმძღვანელმა. მისი შეცდომა ძალიან ძვირი ჯდება, რადგან ხშირად ხდება, რომ ხელმძღვანელის მიერ დაშვებული შეცდომების გამო პასუხს აგებენ თანამშრომლები, ბიზნეს-პარტნიორები და ა.შ.

განვიხილოთ რთული სიტუაცია და რეაგირების საშუალებები, მაგალითად თუ თქვენს კომპანიაში რომელიმე მაკონტროლებელი ორგანოდან მოვიდნენ.

როგორ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე თუ შესამოწმებლად არიან, ჩხრეკის ან დაკავების ორდერი აქვთ?

საკუთარი უფლებების ცოდნა და თანამდებობრივი სიმტკიცე არის უმთავრესი მოულოდნელი სიტუაციებისას საკუთარი თავის ემოციური მართვისთვის. აფექტური ემოციები ვლინდება, როცა არსებობს გაურკვევლობა, რომელსაც დიდი უსიამოვნებების მოტანა შეუძლია, მაგრამ კონკრეტულად რისი უცნობია. საფრთხის შემცველი მოლოდინი და გაურკვევლობა იწვევს ისეთ ემოციებს და მდგომარეობას, როგორიცაა შიში, ბრაზი, სასოწარკვეთა, უძლურება, შფოთვა, ღელვა და ა.შ. ყველა მენეჯერს უნდა ესმოდეს, რომ ბიზნესის მიმართ აღძრული საქმე მიმართულია კონკრეტული ადამიანებისკენ, ანუ ბიზნესის ხელმძღვანელებისა და მმართველებისკენ. ამიტომ, რთულ სიტუაციებში მნიშვნელოვანია მოქმედების ალგორითმის ცოდნა იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტიელებების მისაღებად სიმშვიდის შენარჩუნება შეძლოთ.

ჩვეულებრივ ყველა სისულელეს მენეჯერები სჩადიან რთული სიტუაციების პირველ წუთებში, ეს ძირითადად ეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობას. ნეგათიური ემოციები და აფექტის მდგომარეობა ხელს უშლის გონების მუშაობას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ ჩვენება, ხელი არ უნდა მოაწეროთ არანაირ დოკუმენტს და მითუმეტეს ცარიელ ფურცელს.

• რაც დაწერილია კალმით, იმას ვეღარ შეცვლით.

დაწერილის გამოსწორება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება დაიწყოთ მოყოლა, რომ ძლიერ აფექტურ, ემოციურ და ანერვიულებულ მდგომარეობაში იყავით, რომ არ გესმოდათ რას წერდით ან ამბობდით, ეს ვეღარაფერს შეცვლის და მითუმეტეს ვერ გამოასწორებს. ამაზე უბრალოდ გიპასუხებენ, რომ თუ რამე არ იცით და არ გესმით ეს თქვენი პრობლემაა.

• ნეგატიური ემოციები, რომლებიც საღ აზროვნებას ხელს უშლიან – ძვირი ჯდება.

ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. ამოუღებელი თანხები, ადვოკატის ხარჯები, მიუღებელი შემოსავალი, ამას დაამატეთ და ფულად სახსრებში გადაიყვანეთ დახარჯული ენერგია, დრო, ნერვები…

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენთან შემოწმებაზე მოვლენ:

1. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება, რომ ამ ფაქტზე ემოციური რეაგირება მოახდინოთ. იცოდეთ, რომ შემმოწმებელი, რომელიც თქვენს ორგანიზაციაში მოვიდა, სტუმარია, რომელიც თქვენ არ დაგიპატიჟებიათ. ის უფროსი არ არის. მოიქეცით მშვიდად. მძღოლები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა საგზაო პოლიცია აჩერებთ და ამ ფაქტს ემოციურად ხვდებიან. იბნევიან, თითქოს საბარგულით გვამი გადააქვთ. არ გაიმეოროთ ეს შეცდომა, ნუ აჩვენებთ შემმოწმებელს მღელვარებას. ის უბრალოდ თავის საქმეს ასრულებს, გაარკივეთ მისი ვინაობა და მიეცით მოვალეობის შესრულების საშუალება, ოღონდ კომპეტენციის ფარგლებში.

2. შემოწმებაზე მოსულს მოსთხოვეთ ვინაობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მათ კომპეტენციას ადასტურებს. გადმოიწერეთ მონაცემები, რომ იცოდეთ ვისთან გაქვთ ურთიერთობა. თუ მოსულები უარს აცხადებენ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენაზე ეგრევე პოლიცია გამოიძახეთ. ამასთან კარგი იქნება თუ თავს დაიჭერთ მშვიდად და საქმიანად. კატეგორიულად გამორიცხულია ყვირილი და შეშფოთება. ამით თქვენ სისუსტეს გამოავლენთ. აფექტური ემოციების გამოვლენა კიდევ უფრო დაარწმუნებს მოსულებს, რომ სწორ მისამართზე არიან, რადგან ასეთი ადამიანები ხშირად დასკვნებს აკეთებენ იმის მიხედვით, რომ თუ თქვენ ყვირით, შეგეშინდათ, ემოციებში ჩავარდით, ესეიგი თავს დამნაშავედ გრძნობთ რაღაცაში და რაიმეს მალავთ.

3. თუ შემოწმებაზე მოსულები ბევრნი არიან, გაარკვიეთ რომელია ხელმძღვანელი მათ შორის და ურთიერთობა იქონიეთ მხოლოდ მასთან. თუ ის აგრესიას იჩენს თქვენ კიდევ უფრო მეტად გააკონტროლეთ თავი და შეეცადეთ თქვენი გაწონასწორებულობით მიაღწიოთ მასთან მშვიდი და კონსტრუქციული ურთიეროთბის წარმოებას.

4. შეკითხვები დაუსვით მშვიდი ხმით და ასე გაარკვიეთ თქვენს ორგანიზაციაში მოსვლის მიზეზის კანონიერება. აუცილებელია ოფიციალური ვიზიტის პროტოკოლის შედგენა და ამის დაფიქსირება. სხვათა შორის დოკუმენტაციის შევსება კარგ დამამშვიდებელ საშუალებად ითვლება, ხელს უწყობს სიტუაციის ემოციური განცდისგან მიზანმიმართულ და სასარგებლო ქმედებებზე გადაგრთოთ.

5. თუ გაარკვევთ, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი თქვენი კომპანიის შემოწმებსათვის, საჭირო არ არის ემოციების გამოხატვა და კამათი, უბრალოდ თქვენი კომპანიის შემოწმებაზე გნაცხადეთ უარი და ეს გააფორმეთ წერილობით და დაურთეთ პროტოკოლის ასლი.

6. მოითხოვეთ, რომ შემოწმებაზე მოსულმა პირებმა ხელი მოაწერონ „კომერიცული საიდუმლოს შენახვის შეთანხმებას“, რომელბიც მათთვის ცნობილი გახდება კომპანიის შიდა დოკუმენტაციის ნახვისას. როგორც წესი ისინი ხშირად უარს აცხადებენ ასეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე, მაგრამ თქვენ მშვიდად და მტკიცედ უნდა მოსთხოვოთ. თუ ვერაფერს გახდით, მაშინ მათი უარის განცხადების ფაქტი დააფიქსირეთ.

7. არ მისცეთ საშუალება შემოწმებაზე მოსულებს, რომ თქვენი კომპანიის შიდა ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდნენ. ისინი კონკრეტული დოკუმენტაციის შესამოწმებლად მოვიდნენ, შეიყვანეთ მოსულები მოლაპარაკებების ოთახში და ესაურეთ მხოლოდ იქ. ასე უფრო მშვიდად იქნებით, ვიდრე მაშინ, თუ მოსული, უცხო ადმიანები გაუგებრად იბორიალებენ აქეთ-იქეთ.

8. აიღეთ ქაღალდის სუფთა ფურცელი და ჩაინიშნეთ მოსულების ყველა ქმედება. უთხარით, რომ ეს მათი ოფიციალური ვიზიტის შესახებ გაფორმებული დოკუმენტის დამატებაა. ჩაიწერეთ ყველაფერი რასაც ხედავთ, ასეთ სიტუაციაში ემოციებისა და ღელვისათვის დრო არ გექნებათ, თქვენ დაკავებული იქნებით სასარგებლო საქმიანობით და არა ნერვიულობით.

დაიმახსოვრეთ! ემოციები, რომ მართოთ და შეცდომები არ დაუშვათ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, მოთოკოთ თავი და აკონტროლოთ სიტუაცია. ასე ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ და შესაბამისად ნაკლებ პრობლემებს შეიქმნით.

B2PGE

Written by B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ბიზნეს-მწვრთნელი კომპანიისთვის

როგორ დავიბრუნოთ “შეყვარებულობის” შეგრძნება