ქაღალდის გველი (ავი არდო)

ერთხელ ადამიანმა ქაღალდისგან გველი შექმნა. ძალიან კარგი გამოვიდა ნამუშევარი: დიდი, ჭრელი, ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი. ძალიან უყვარდა ადამიანს თავისი ქმნილება და უფრთხილდებოდა.

ერთხელაც გველი გაცოცხლდა. ამოისუნთქა, მიმოიხედა ინტერესით და ადამიანს სთხოვა:

– ჩემო შემქმნელო, გამიშვი ცოტა ხანს თოკის გარეშე, ცოცხალი არსება ვარ მე უკვე და მინდა თავისუფლებით დავტკბეო

დათანხმდა ადამიანი და მეორე დილით გაუშვა გველი. ცხოვრება უხაროდა გველს, სისხლმა დაიწყო ძარღვებში ჩქეფა და უკვე ნამდვილი გახდა.
დაბრუნდა საღამოს და თავის შემქმნელს უთხრა:

– შემხედე, მე უკვე ნამდვილი ვარ. ვერავინ ვერასდროს მიხვდება, რომ ქაღალდისგან ვარ შექმნილი. ეს საიდუმლო ჩემში დარჩება, შენ კი, რომ არ გამთქვა, უნდა მოგკლა!

მოკლა გველმა ადამიანი და ბედნიერი წავიდა მშობლიური სახლიდან.

ბევრი უბედურება მოიტანა გველმა ადამიანებში. ბევრი მოკლა უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ რომ ეჩვენებოდა, თითქოს ჩურჩულებდნენ მასზე, რომ ქაღალდისგან იყო შექმნილი ოდესღაც.

ერთხელ გველი მოხუცს გადაეყარა, რომელსაც სხვებისგან უჩვეულოდ, მისი არ შეეშინდა. გაოცდა გველი, მოხუცმა კი უთხრა:

– რატომ უნდა მეშინოდეს შენი, შენი ბოროტება იმაშია, რომ შენ თვითონვე იცი, რომ ქაღალდისგან ხარ შექმნილი. ხალხმა არ იცის სიმართლე შენს შესახებ, მხოლოდ შემქმნელმა იცოდა და ისიც მოკალი. რისიღა გეშინია? მთელი მსოფლიოც რომ გაანადგურო, შენში ვერ მოკლავ იმ სიმართლეს, რომელიც ასე გღრნის და არ მოგწონს. ჩვეულებრივი ქაღალდისგან ხარ შექმნილი ადამიანის ხელით და ვერ დაივიწყებ ამას მანამ, სანამ შენ თვითონვე არ მოკლავ საკუთარ თავს.

გველი სიბრაზისგან გაცეცხლდა. ნაწილებად აკუწა საწყალი მოხუცი. შემდეგ კი მთელ ხმაზე გაჰკიოდა:

– ნამდვილი ვარ მე ნამდვილი! ცოცხალი და ნამდვილი!

შიგნიდან კი ექო ესმოდა საკუთარი ხმით:

– ქაღალდის ხარ შენ! ქაღალდის!!!

მორალი: ბოროტი და შურიანი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ პრობლემა სხვა ადამიანშია, რომ ყველა აშავებს მის გარდა და რომ ის ყველაზე საუკეთესოა. მაგრამ სიმართლე, რომელიც გულის სიღრმეში თავადაც იცის, ღრნის მას და აწვალებს.

ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი და სუფთა. მხოლოდ ეს იქნება მისი სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერების საწინდარი.

Report

ჯუნა სანიკიძე

ავტორი: ჯუნა სანიკიძე

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი
პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.
არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ცხოვრების რიტმი: ექო

ჯეფრი ფოქსი: საიდან მოვიტონოთ იდეა ბიზნესისათვის?