in ,

ქალი და ბიზნესი: ინტერვიუ მაკო ჯაოშვილთან

მაკო ჯაოშვილი – პიარ სპეციალისტი, 10 წლიანი გამოცდილება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. ბოულინგ ცენტრალის პარტნიორი. საქართველოს სპორტული ბოულინგის ვიცე-პრეზიდენტი და ივენთების დაგეგმარების კომპანია “Sevent“-ის დამფუძვნებელი.

1. მაკო, როგორ ეპყრობით სიტყათშეთანხმებას „ქალი და ბიზნესი“?

– პირველ რიგში, ყურადსაღებია თავად მამაკაცების დამოკიდებულება, როგორ აღიქვამენ ისინი „ქალს ბიზნესში“. სიტყვათა შეთანხმება უკვე ნიშნავს, რომ სამოქმედო მოდელი შეირჩა და „თამაშის“ ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბდა. აქ მთავარია, გაიმიჯნოს საქმიანობის სფეროები იმ კუთხით, რომ ბიზნესის ყველა დარგი არაა ერთნაირად რეკომენდებული ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის. ცხადია, შეძლებით ყველაფერი შეიძლება და მიღწევადია, თუკი მოინდომებ. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდანაც გვახსოვს, როგორ თანასწორად იდგა ქალი მამაკაცურ შრომის ფრონტზე. დღევანდელობა უფრო მყარ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ქალბატონებმა თავიანთი ძალები მოსინჯონ ბიზნესის რთულ და საინტერესო ბატალიებში.

2. თქვენი აზრით, რაშია საქმიანი ქალის მენტალიტეტის განსაკუთრებულობა საქართველოში?

– საქართველოში საქმიანი ქალის მენტალიტეტი მაინც განსხვავებულ რაკურსში განიხილება. ჩვენი ძირძველი ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალი, რომელიც ოჯახის დედა-ბოძია, სტრეოტიპულად მაინც ნაკლებად მოიაზრებოდა სახლს გარე აქტიურ საქმიანობაში, ხელმძღვანელის პოსტზე და მითუმეტეს, ბიზნესის სათავეებთან. თუმცა სხვა მომიჯნავე დარგებში, კერძოდ, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ამის არა ერთი პრეცენდენტი არსებობს. ამიტომ თანდათან დამკვიდრებული ტერმინი ბიზნესი „ქუსლებზე“ ქართულ რეალობაშიც ფართოდ გავრცელდა. დღეს უკვე ხშირად ვხვდებით  თავის საქმიანობაში წარმატებულ მანდილოსნებს, რომლებიც საქმისადმი მაღალი პროფესიონალური მიდგომით ტოლს არ უდებენ მამაკაცებს.

3. გაქვთ წარმატების მიღწევის საკუთარი რეცეპტი? მოგვიყევით!?

– ცხადია, წარმატების მიღწევის ფორმულა ყველას ინდივიდუალური აქვს. პირადად, ჩემთვის წინსვლას განაპირობებს საქმისადმი საოცარი ერთგულების უნარი, მიზანდასახულობა და ჩემი შემოქმედებითი ბუნება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებამ მასწავლა, არის თვითგამორკვევა და საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ მართვა. რესურსების ცოდნა ნებისმიერი ბიზნესის ქვაკუთხედია, ამის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესისადმი დადებითი განწყობის შექმნა და შენარჩუნება. მე პირადად ძალიან მეხმარება პოზიტიური აზროვნება და ოპტიმიზმი. რაკი პიროვნულ თვისებებს შევეხე, აქვე დავძენ, რომ ჩემს წინსვლას ასევე შეუწყო ხელი სიახლეებისადმი სწრაფვამ და სწავლისადმი დაუოკებელმა ჟინმა. დღემდე გულმოდგინედ ვეცნობი საქმის უკეთ მართვის თეორიას, ყოველდღიურად ვიხვეწები სხვა და სხვა სიტუაციებში პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილებით. ზოგადად, ენერგიული ადამიანი ვარ და ერთობ კომუნიკაბელური, ალბათ ესეც განაპირობებს, რომ ერთ ადგილას არასდროს ვჩერდები, არ ვიყინები და არც მიღწეულით განვიცდი ზეკმაყოფილებას.

4. თქვენ ერთ–ერთი მოწინავე ბიზნესლედი ხართ, როგორ მიაღწიეთ წარმატებას?

– რამდენად მოწინავე ვარ, ამას ალბათ საქმის შედეგები უფრო განსაზღვრავს. თუმცა პიროვნული განვითარების მიმართულებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გავიმარჯვე საკუთარ სისუსტეებზე. წარმატების მიღწევა მხოლოდ მაშინ არის გარდაუვალი, როცა ზუსტად იცი, რისკენ ისწრაფვი, რა რესურსი მოგეპოვება ამისათვის და რა ვადაში გინდა მიიღო შედეგი. დროის გათვლის გარეშე სასურველ შედეგზე ოცნებაც კი არარეალურია.
პირად ცხოვრებაში ბიზნესი ხელს ნამდვილად არ მიშლის. პირიქით, უფრო გამომადგა კიდეც გარკვეული თვისებების საშინაო პირობებში გამოყენება. ისიც ვისწავლე, როგორ გავუძღვე ოჯახურ საქმეებს უკეთ. ვთვლი, რომ მართვის უნარი თუ გაგაჩნია, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. სახლშიც გადავინაწილეთ ფუნქციები, ვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ერთმანეთს შევაშველოთ ხელი და ასე მეგობრულად ვცხოვრობთ. ყოველთვის იდეალურად შეიძლება არ გამოგვდის, მაგრამ მაინც ვცდილობთ ურთიერთობათა დაბალანსებას. სხვათაშორის, ჩემი შვილები პატარაობიდანვე მიეჩვივნენ ერთმანეთზე ზრუნვას, მეც მაქსიმალურად მეხმარებიან, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ცოტა უფრო მეტი დრო დავუთმო.

5. ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, გქონით წარუმატებლობა ბიზნესში რაც ნულიდან დაგაწყებინათ ყველაფერი?

– საკუთარ თავზე დანამდვილებით გამოვცადე, რომ რაც მეტი გულმოდგინებით ეკიდები საქმეს, მით უფრო შედეგიანია ყოველი მცდელობა. მთავარია, დაუზარლად აკეთო და სირთულეებს არ შეუშინდე. არც გარემო ფაქტორებს არ უნდა დამორჩილდე, თუმცა მათ დიდი როლი მიუძღვის ამა თუ იმ ქმედებაში. გეთანხმებით, ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე. ზოგჯერ შენგან დამოუკიდებლად შესაძლოა მოვლენები ისე განვითარდეს, რომ წინასწარ ამის პროგნოზირება ვერც გააკეთო. რა თქმა უნდა, ბევრი ბარიერიც შემხვედრია. ზოგჯერ გაოცება და გაწბილებაც მიმიღია. ნულიდანაც დამიწყია საქმე და უმეტეს შემთხვევაში თავი გამირთმევია, ხოლო თუ რაიმე ისე არ გამოვიდა, ალბათ იმის გამო, რომ სადღაც მოვადუნე ყურადღება, რაღაც სწორად არ გავთვალე ან/და იმაზე მეტი ენერგია დავახარჯე, ვიდრე საჭირო იყო. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ სწორედ ეს არის ცხოვრების რინგი და შენც ამ ორთაბრძოლაში ხარ ჩაბმული.

6. ჩვენ ვიცით, რომ ბევრ პროექტში იღებთ მონაწილეობას, საკმაოდ მოთხოვნადი პიროვნება ხართ, რა ლიდერული თვისებების მატარებელი უნდა იყოს საქმიანი ქალი?

– სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა სხვა და სხვა ტიპის შემოთავაზებებით დაინტერესება. შესაბამისად, ბედიც მანებივრებს ამ მხრივ და ხშირად მიწევს ერთდროულად ბევრ პროექტზე მუშაობა. ზოგჯერ ეს რადიკალურად განსხვავებული პროფილის საქმეებია, მაგრამ თუკი საინტერესოა თავისი შინაარსით, აქტიური მონაწილეობა არ დამზარებია. ერთერთი მოთხოვნა საკუთარ თავთან არის, რომ პასუხისმგებლობა არ ავირიდო დასახული მიზნის მისაღწევად. ეს სპორტული აზარტიცაა და თავისებური შინაგანი ძალების გამოცდაც. ლიდერობას რაც შეეხება, მე მაინც ვთვლი, რომ ეს თანდაყოლილი თვისება უფროა. ლიდერს გააჩნია რაღაც განსაკუთრებული მუხტი, რომლითაც მას შეუძლია იყოს ინიციატივიანი, გარკვეულწილად რისკიანიც. ცხადია, ასევე არსებობს გარკვეული უნარები, რაც გამომუშავებადია, მაგ. შეძლო სწორად შეარჩიო გუნდის წევრები, იზრუნო გუნდის ერთიანობაზე, იყო მიზნისა და საერთო ინტერესების განუხრელი დამცველი, ანალიტიკოსი და კოორდინატორი. ჩემი შეფასებით, საქმიან ქალებს ეს თვისებები კიდევ უფრო გამახვილებულად აქვთ განვითარებული. მათში დედობრივი ინსტიქტებიდან გამომდინარე განსაკუთრებით სჭარბობს მზრუნველობის ნიჭი და საკუთარი მოვალეობის შეგრძნება. სხვათაშორის, თვით ბიზნესმენი მამაკაცებიც აღიარებენ, რომ საქმეში პარტნიორი ქალები გაცილებით უფრო ამტანები და გამტანები არიან, რაც მათდამი ნდობას აორმაგებს.

7. ახლა ამ ინტერვიუს ბევრი წარმატების მიღწევის მსურველი ადამიანი კითხულობს, რის გაკეთებას ურჩევდით მათ?

– ნებისმიერი ფორმით რჩევის მიცემა თავისთავად საპასუხისმგებლო საქმეა. ამისთვის სათანადო ავტორიტეტის მოპოვებაა საჭირო. ვიქნები გაბედული და ჩემს შეხედულებებს გავუზიარებ დაინტერესებულ მკითხველს, თუ როგორ გახდეს წარმატული. პირადი გამოცდილებითაც დავრწმუნდი, რომ წარმატების მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და იმ მიზნის, რისკენაც ისწრაფვი. უნდა განსაზღვრო რა არის პრიორიტეტული მოცემული ეტაპისთვის და გონების მობილიზებით კონცენტრირება მოახდინო კონკრეტულ საკითხზე. გარკვეული შემოქმედებითი მიდგომაც საჭიროა, რომ გამოავლინო ინდივიდუალიზმი და პიროვნული ხედვა. და უმთავრესი მაინც არის მუდმივი სწავლა-განვითარება და მუყაითი შრომა.

ინტერვიუ მომზადებულია B2P.GE-ს მიერ

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

იყიდება სამსართულიანი ვილა აუზით და ბაღით. ფასი 1 დოლარი.

რობინ შარმა, ამერიკელი ქოუჩი და მოტივატორი – “პრინციპები”