in

მოსკოველი ბიზნესმენი ვახტანგ გვაზავა

მოსკოველი ბიზნესმენი ვახტანგ გვაზავა

Instcons LLC-ის (მოსკოვი) ხელმძღვანელი ვახტანგ გვაზავა-საქართველოს სჭირდება ინვესტიციები, რომლებიც რესურსების მართვის ტექნოლოგიებში გამოიხატება 

ბევრი ნაცნობი მეკითხება, რა ხდება ახლა საქართველოში. შევეცდები რამდენიმე აბზაცში აღვწერო ის, როგორც მე ვხედავ რეგიონის ეკონომიკას.დღეს საქართველო დროის ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთში იმყოფება, როდესაც განისაზღვრება, როგორი იქნება ეს სახელმწიფო 10-15 წლის შემდეგ.საქართველოსთვის მთავარი პრობლემაა სტრუქტურირებული ინფორმაციის არარსებობა, რომელიც მას ხარისხიანი ანტიკრიზისული პროგრამის შექმნის შესაძლებლობას მისცემდა.

თანამედროვე მსოფლიოში, ეკონომიკის ხარისხიანი განვითარებისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური რესურსები. საქართველოს სჭირდება ინვესტიციები, რომლებიც პირველ რიგში გამოიხატება არა ფინანსებში, არამედ ტექნოლოგიებში, რომლებიც ინოვაციურ გადაწყვეტებსა და რესურსების მართვას უკავშირდება. სხვა შემთხვევაში საქართველოს მოუწევს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება საბიუჯეტო ხვრელების ამოვსების გზით, და ის ვერ შეძლებს სიღარიბისა და საგარეო ინვესტიციებზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას.

საქართველოს აქვს რესურსები, მათ შორის ფინანსური, კრიზისული მოვლენების გადასალახავად და მყარი ეკონომიკის ასაშენებლად. მას ასევე გააჩნია შესაძლებლობა, გახდეს კატალიზატორი ამიერკავკასიის რეგიონის განვითარებისთვის, რადგან ყველა მეზობლისთვის მისაღები ქვეყანაა და ფლობს ორ მნიშვნელოვან პორტს. ეს ერთ-ერთი წონიანი არგუმენტია საქართველოში წარმოების განსავითარებლად.მიმდებარე ქვეყნებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სავაჭრო სერვისი ასევე შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტიციების და პროგრესული ტექნოლოგიების მისაზიდად.მომსახურების სფეროში ტექნოლოგიების ჩამოყალიბება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტია ქვეყნის ეკონომიკისთვის. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ს სტრუქტურაში მომსახურება 79%-ს შეადგენს.

ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ საპარიკმახეროებსა და ტაქსებზე, არამედ ტექნოლოგიურ მომსახურებებზეც.საქართველოში წარმოდგენილი 34 კონსალტინგური კომპანიიდან, რომელთა სიაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღე, 28 იურიდიული და ფინანსური კონსალტინგითაა დაკავებული, და მხოლოდ 4 კომპანია ამა თუ იმ ხარისხით ეხება ორგანიზაციების ბიზნეს-განვითარებას. ეს კი ეკონომიკის სუსტ ბიზნეს-ორიენტირებულობაზე მიუთითებს. არ შეიძლება არ შევეხოთ ექსპორტის საკითხს.

ბევრს მიაჩნია, რომ ეკონომიკის განვითარების მთავარი გასაღები არის ექსპორტი. ეს ყველაზე მკაფიო გადაწყვეტაა სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ადამიანებისთვის. თუმცა არ შეიძლება ექსპორტი განვიხილოთ როგორც მოგება და არ გავითვალისწინოთ იმპორტი.

იაპონია, რომელიც ბევრისთვის ექსპორტთან ასოცირდება, წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 15%-ის ექსპორტს ახდენს, და ამასთან ახორციელებს იმავე თანხის 85%-ის იმპორტს. ექსპორტი მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სასაქონლო ბრუნვის მაღალი მოთხოვნის გამო, მაგრამ საქართველოს წინაშე ინდუსტრიალიზაციის ამოცანა დგას, სხვაგვარად ის ვერ შეძლებს, სავაჭრო ბალანსი დადებითი გახადოს. საქართველოსთვის აუცილებელია განავითაროს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი.

სოფლის მეურნეობის მოცულობის შემცირებამ 2003-2008 წლებში მხოლოდ 26% შეადგინა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ ის მოცულობაა, რომელიც ექსპორტზე რუსეთში გადიოდა. ის დაახლოებით 600 მილიონ ლარს შეადგენს და ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით დაახლოებით 120-150 ლარია. დღეს კი ყოველთვიურად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თითქმის იგივე მოცულობით იზრდება.

ასე რომ, ეს მიმართულება მხოლოდ პრობლემების ნაწილს მოაგვარებს.მთავრობის წინაშე ახლა დგას არცთუ მარტივი ამოცანა, როგორ გადააქციოს წამგებიანი საქართველო მომგებიანად. აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ, რომელი დაბანდებებია ყველაზე სწორი.

ცალკეულ დარგებში განხორციელებული დაბანდებები რეინვესტირებით მომიჯნავე დარგების განვითარების კატალიზატორის როლს ასრულებს, სხვა დარგები კი ჩიხურია და რესურსებს „ჭამს.“ მაგალითად, არსებობს აღიარებული მოსაზრება, რომ მანქანათმშენებლობის დარგი სამსახურით უზრუნველყოფს არა მხოლოდ მანქანათმშენებელი ქარხნების, არამედ მომიჯნავე დარგების თანამშრომლებსაც. ყველაზე რეალური შედეგის მოტანა შეუძლია 2-4 სტრატეგიული დარგის კომპლექსური განვითარების ახალ სტრატეგიას.

ასევე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სავაჭრო-სატრანსპორტო კვანძის განვითარება, რომელიც ახლომდებარე ქვეყნების სავაჭრო ნაკადებს გაატარებს. სამრეწველო სექტორის ფორმირებისას მე ორიენტირს ავიღებდი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე. ყველაზე წარმატებულ და პროგრესულ საწარმოებს გამოარჩევს სპეციალიზაციის ზუსტი განსაზღვრება და მაქსიმალურად ხარისხიანი, პროგრესული გადაწყვეტების ჩამოყალიბება.

ის საწარმოები კი, რომლებიც მოკლევადიანი გადაწყვეტებით შემოიფარგლებოდნენ, აუტსაიდერებში აღმოჩნდნენ. ამოცანები, რომლებსაც ჩვენი კომპანია ისახავს საქართველოში არსებულ საწარმოებთან მუშაობისას, ესაა დახმარება განვითარებაში და წარმატებული და პროგრესული ბიზნესის ჩამოყალიბება.

ამისთვის კი აუცილებელია ხარისხიანი სტრატეგიული მიზნების დასახვა და არა 6-12 თვის პერსპექტივაში, არამედ 5, 10 და მეტ წელზე. პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის სტაბილურობა თუ არასტაბილორობა არაა ის ფაქტორები, რომლებიც მსგავსი მიზნების მიღწევის საშუალებას არ იძლევა, არამედ არის დამატებითი ცვლილებები, რომლებიც პროგრამების ჩამოყალიბებისას უნდა გავითვალისწინოთ.

წყარო: commersant.ge

Report

What do you think?

ავტორი: B2PGE

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

ჭუჭყიანი თეთრეული