ვიდეო თამაშების პოზიტიური და ნეგატიური გავლენები ბავშვზე
2272 Views

ვიდეო თამაშების პოზიტიური და ნეგატიური გავლენები ბავშვზე

დღეს კომპიუტერულ ვიდეო თამაშებზე ძირითადად ნეგატიური აზრია გავრცელებული. ხშირად ადამიანები მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია კომპიუტერულ თამაშებს ბავშვის ფსიქიკაზე. მაგრამ, როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვს. უამრავი მეცნიერი და ფსიქოლოგი ადასტურებს ვიდეო თამაშების უდაო სარგებელს – გახადოს ბავშვი ჭკვიანი.
ვიდეო თამაშები უვითარებს ბავშვს ისეთ უნარებს, რაც მას მომავალში გამოადგება. ის ცვლის გონებას ისევე, როგორც სწავლა, კითხვა, პიანინოზე დაკვრა თუ გეოგრაფიული რუქის გამოყენება.
ახლა კი დაწვრილებით დანვიხილოთ ვიდეო თამაშების დადებითი და უარყოფითი მხარეები:

პოზიტიური ეფექტები:

• ინსტრუქციის მიყოლის უნარის განვითარება
• პრობლემის გადაჭრისა და ლოგიკური უნარის განვითარება
• დაგეგმვის სწავლა, რესურსების მართვა
• მრავალი საკითხის ერთად მართვა და პრობლემის გადაჭრა სტრესულ სიტუაციაში
• სწრაფი რეაგირება, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და ანალიზის უნარები
• აკურატულობა
• კითხვის და მათემატიკური უნარების განვითარება
• მიზანდასახულობა
• მეხსიერების გაუმჯობესება
• კონცენტრაციის უნარის განვითარება
• ვიზუალური ინფორმაციის ამოცნობის უნარი
• რისკების აღება
• ცვლილებებთან შეგუება
• იმედგაცრუების მიღება
• შეძლოს შეცვალოს მიზნები სიტუაციის ცვლილებისამებრ
• გუნდურობა (როდესაც თამაშობს სხვებთან ერთად)
• მენეჯმენტი

– გარდა ამისა ვიდეო თამაშებს აქვს სხვა სარგებელიც:
1. ვიდეო თამაშები აჩვევს თქვენს შვილს კომპიუტერულ სამყაროსთან ურთიერთობას. ეს მოგეხსენებათ დღეისათვის აუცილებელი ტექნოლოგიაა წარმატების მისაღწევად. თამაშები ხელს უწყობს იმას, რომ ის ადაპტირდეს კომპიუტერთან და მისთვის კომფორტული იყოს კომპიუტერით სარგებლობა.
2.ვიდეო თამაშები საშუალებას გაძლევთ თქვენ და თქვენს შვილს ერთად ითამაშოთ, რაც შვილის თქვენთან მიჯაჭვულობას გაზრდის. ზოგიერთი თამაშები როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვისაც მიმზიდველია.
3. ვიდეო თამაშები სწავლების პროცესს მხიარულს ხდის. თქვენს შვილს მოსწონს თამაშები ფერების, ანიმაციების და ფიგურების გამო. ასევე იზიდავს წახალისების და მოგების ფაქტორები. გართობა ქმნის მეტ მოტივაციას მიუბრუნდეს სწავლებით თამაშებს. ის ისეთ რთულ საგნებშიც კი შეიძლება სახალისოდ მოეჩვენოს ბავშვს, როგორიც არის მათემატიკა.
4. ვიდეო თამაშები ზრდის თქვენი შვილის თვითრწმენასა და თვითპატივისცემას, როდესაც ის ხდება მასტერი თამაშში. თავდაპირველად ის იწყებს დაბალი დონეებიდან და აღწევს მაღალ დონეს. მას არ ეშინია გადადგას ნაბიჯი წინ, რადგან წაგების საზღაური მცირეა. ის მეტად რისკავს და იღებს მეტს.
5. თამაშები ჯგუფურად ხელს უწყობს ბავშვში სხვისი აზრის გაზიარების უნარის განვითარებას. ის სწავლობს გუნდურ მუშაობას გარკვეულ საკითხებზე. ამასთან არის თამაშები, სადაც შესაძლოა ინტერნაციონალური ჯგუფი შეიკრიბოს. აქ უკვე თქვენს შვილს შანსი აქვს გაეცნოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს და იმეგობროს მათთან.
6. ისეთი თამაშები, რომლებიც ცეკვას მოითხოვს, ავსებს თქვენს შვილს პოზიტიური ენერგიით, ეს ძალიან სახალისოცაა და ფიზიკურობისთვის არაჩვეულებრივი.
7. თქვენს ბავშვებს აქვთ არჩევანის თავისუფლება თამაშის პროცესში. ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს.
8. 2013 წლის Berlin’s Max Planck Institute- მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენეს მნიშვნელოვანი ზრდა რუხი ნივთიერებისა ტვინის მარჯვენა ნაწილში, მათთან ვინც დღეში 30 წუთი თამაშობდა სუპერ მარიოს თამაშს. ეს ნიშნავს, რომ მათ განუვითარდათ სივრცული ნავიგაცია, სტრატეგიული დაგეგმვა, მუშა მეხსიერება და მოტორული უნარები. ტვინის ამ ნაწილში რუხი ნივთიერების ზრდა განსაკუთრებით არის დაკავშირებული მეხსიერების გაუმჯობესებასთან.

ვიდეო თამაშები, რომლებიც ანვითარებს ბავშვის სხვადასხვა უნარს:    http://www.raisesmartkid.com/6-to-10-years-old/5-articles/57-what-video-games-are-good-for-the-brain

ვიდეო თამაშების ნეგატიური ასპექტები:

• ჩივილები ვიდეო თამაშებზე ძირითადად უკავშირდება ძალადობრივ თამაშებს. ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ ასეთ თამაშებს აქვთ აგრესიული ქცევები, ფიქრები, გრძნობები და ასეთ ბავშვებში იკლებს სოციალური თანადგომის უნარი (კვლევა Anderson &Bushman, 2001). მრავალ თამაშში ბავშვები რაც მეტად აგრესიულები იქნებიან, მით უფრო ჯილდოვდებიან. ბავშვი პროცესის ინტერაქციულია და ჩართულია ძალადობაში თვითონ (მოკვლა, დარტყმა, სროლა, დაჭრა და ა.შ.). მონაწილეობა, გამეორება და წახალისება საუკეთესო მეთოდებია ქცევის დასწავლისათვის.
• კომპიუტერული თამაშების სიხშირე ხდის თქვენს შვილს სოციუმისგან იზოლირებულს. ამასთან მან შეიძლება უკვე ნაკლები დრო დაუთმოს ისეთ აქტივობებს, როგორებიც არის საშინაო დავალების შესრულება, კითხვა, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.
• ზოგიერთი ვიდეო თამაშები უნერგავს ბავშვს არასწორ ღირებულებებს. ძალადობრივი ქცევა, შურისძიება, აგრესია – ეს ყველაფერი ჯილდოვდება გამარჯვებით. ამასთან University of Buffalo Study–ს კვლევებზე დაყრდნობით, ძალადობამ და ცუდმა ქცევამ თამაშში შესაძლოა გამოიწვიოს დადებითი ქცევა რეალობაში. ამას იმით ხსნიან, რომ შესაძლებელია ადამიანში გაიღვიძოს დანაშაულის გრძნობამ ვირტუალურ სამყაროში ჩადენილი დანაშაულებისათვის და ამან უბიძგოს მას დადებითი ქცევის განმტკიცებისკენ რეალურ სამყაროში.
• ხშირმა თამაშებმა შესაძლოა შეამციროს რეალობის შეგრძნება და ჩაახშოს ფანტაზია
• თამაშების ხშირი გამოყენება იწვევს დაბალ აკადემიურ მოსწრებას. ამ ფაქტს ფსიქოლოგები იმით ხსნიან, რომ ხშირი თამაშები დამოკიდებულს ხდის ბავშვს კომპიუტერთან და შესაძლოა დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ უგულოდ და რუტინულად, რომ შემდეგ სწრაფად მიუსხდნენ კომპიუტერებს.
• ვიდეო თამაშებმა შესაძლოა იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზეც. იქნება ეს თვალის დაავადებები, თუ კუნთური დაავადებები.
• ვიდეო თამაშები შესაძლოა იყოს მიჯაჭვულობის ობიექტი ბავშვისთვის. რაიმეზე დამოკიდებულება კი ზრდის აგზნებულობასა და დეპრესიას. შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური ფობიები. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს იმპულსური ქცევები და ყურადღების პრობლემები რეალურ გარემოში.

რეკომენდაციები მშობლებს:
1. იყავით მოსიყვარულე და ყურადღებიანი მშობელი, რომელიც დისციპლინით ზრდის შვილს. იმ ბავშვებზე, რომლებიც არადისციპლინირებულ, უყურადღებო და გულგრილი მშობლების სახლში იზრდებიან, მეტად მოქმედებს ის ნეგატიური ეფექტები, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.
2. მიეცით თქვენს შვილს მრავალფეროვანი ასპარეზი და ის არ იქნება ჩაციკლული ვიდეო თამაშებზე. მაგალითად: შეიყვანეთ სპორტზე, მიეცით მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება, დააინტერესეთ კითხვით, გაისეირნეთ ოჯახმა ერთად, დაასაქმეთ მისთვის სახალისო საოჯახო საქმეებით და ა.შ. პედიატრთა ამერიკული აკადემია გირჩევთ, რომ 2 საათზე მეტი ბავშვმა ეკრანთან არ უნდა გაატაროს. საუკეთესო ვარიანტია შეზღუდოთ ბავშვის კომპიუტერთან ჯდომა და დაუწესოთ მას ლიმიტი დღეში ერთ საათამდე. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ბავშვები, რომლებიც ერთი საათით თამაშობენ კომპიუტერს არიან მეტად სოციალურები, ბედნიერები და ნაკლებ ჰიპერაქტიულები, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს.
3. დააკვირდით თქვენი შვილის ქცევებს თამაშის შემდგომ. თუ ის აგრესიულია და–ძმებთან და მეგობრებთან, შეაწყვეტინეთ მას იგივე თამაშების თამაში. თუკი ინტერესდება სხვადასხვა საკითხებით, მაგალითად ისტორიით, ისტორიული თამაშების შემდეგ, ეს მშვენიერია.
4. შეამცირეთ ვიდეო თამაშების დრო მაშინვე, როდესაც შეამჩნევთ, რომ შემცირდა მისი აკადემიური მოსწრება ან ნაკლებ დროს უთმობს საშინაო დავალებებს.
5. ბავშვისთვის ტელევიზორის ყურებაზე უკეთესი ვიდეო თამაშებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რას თამაშობს ბავშვი. ეს უნდა განხორციელდეს უფროსის ზედამხედველობითა და მასთან შეთანხმებით.
როგორც ვნახეთ კომპიუტერულ თამაშებს გააჩნიათ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ამასთან, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან არსებობს თამაშები, რომლებშიც ნეგატიური ასპექტები მინიმუმამდეა დაყვანილი. მთავარია სწორად შეარჩიოთ თამაშებითქვენი ბავშვისთვის, მუდმივად დააკვირდეთ მის ქცევას თამაშების პარალელურად, დაუწესოთ ლიმიტირებული დრო და რაც ყოველთვის და ყველაფრისთვის აუცილებელია, მისცეთ მას მაქსიმალური სიყვარული და გულისმიერი ყურადღება.

Print Friendly, PDF & Email

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი.

საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,
“დანტე ალიგიერის საზოგადოება”
/ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/

კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like