როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოწესრიგებულობა
1383 Views

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოწესრიგებულობა

ბავშვის სურვილი გააკეთოს ყველაფერი ის, როგორც მას თავად სურს მშობლებს დიდ დისკომფორტს უქმნის. ხშირად მშობლები ჩივიან იმაზე, რომ მუდმივად უხდებათ ბავშვისთვის შეხსენება სხვადასხვა ქცევის გასაკეთებლად.მაგ-ად: დაიბანე ხელები, ჩარეცხე ტუალეტი, გაიხეხე კბილები, გაიხადე ფეხსაცმელი. ასეთ ყოველდღიურ წვრილმანებში მშობელს თითქმის ყოველდღე უწევს გაუმეოროს ბავშვს ეს ფრაზები.

გასწავლით ხერხს, რომლის საშულებითაც შეგიძლიათ ნელ-ნელა ბავშვს გადაულოცოთ თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობა.

შექმენით ოჯახის წესები ფორმალურად.
ყველა ოჯახს აქვს თავისი წესები. წესი შეიძლება იყოს ის, თუ რომელ საათზე იღვიძებს ოჯახი, რა პერიოდში იღებენ სტუმარს, ელოდებიან ერთმანეთს სადილობისას თუ ცალ-ცალკე სადილობენ. ასეთი მოვლენები ოჯახში არაფორმალურად ყალიბდება და ამას ოჯახის ყველა წევრი ასე თუ ისე ასრულებს. ამ წესებზე გამოყოფილად და ფორმულირებულად არავინ საუბრობს. ამიტომ სანამ ბავშვი ამ წესებს ჩვევაში გადაიტანს უჭირს მათი შესრულება.

ბავშვს წესები რომ ჩვევაში გადაუვიდეს შექმენით ოჯახის წესები ფორმალურად.
მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1: წინასწარ ჩამოწერეთ 5-6 წესი, რომელიც გსურთ, რომ ბავშვმა შეასრულოს. (მხოლოდ თქვენთვის ცალკე). აუცილებელია პოზიტიური ფორმულირება(მაგ-ად: “სახლში მოსვლისთანავე ვიხდით ფეხსაცმელს”) და არა “არ დავდივართ სახლში ფეხსაცმლით”. ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს “ჩვენ”-ზე და არა “შენ”-ზე.

ნაბიჯი 2: ბავშვს აუხსენით მიზანი – ბავშვს უთხარით, რომ გსურთ შეიმუშაოთ ოჯახის წესები, რომელსაც ყველა წევრი დაიცავს. აუხსენით, რომ ეს საჭიროა ოჯახში პოზიტიური და მოწესრიგებული გარემოს შესაქმნელად. უთხარით ყველა ის მიზანი, რისთვისაც გსურთ ამის გაკეთება, რომ ბავშვში გააღვივოთ მოტივაცია. მხოლოდ ისეთი მიზნები დაუსახეთ, რაც მისთვის მიმზიდველად გამოიყურება.

ნაბიჯი 3: სთხოვეთ ბავშვს პირველმა თქვას წესი – ამით ბავშვს აგრძნობინებთ, რომ პატივს სცემთ მის აზრს და დაინტერესებული ხართ მისი შეთავაზებით. ასევე ამ ხერხით თქვენ გაიგებთ რა უქმნის მას დისჰარმონიას ოჯახში და რისი მოწესრიგება სურს.

ნაბიჯი 4: მიაღწიეთ შეთანხმებას – მისი წამოყენებული წესი შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს თქვენთვის(მაგალითად – “კომპიუტერთან შეიძლებოდეს ჯდომა მთელი დღით”). მაგრამ პირდაპირ უარს ნუ ეტყვით. მიაღწიეთ შეთანხმებას ისე, რომ იგრძნოს პატივს სცემთ მის აზრს. თუმცა თუ თქვენთვის მიუღებელია ნუ დაეთანხმებით სრულად. მონახეთ ოქროს შუალედი, რომ ორივე მხარისთვის მისაღები იყოს.

ნაბიჯი 5: მიაწოდეთ თქვენი წესები – ბავშვის მოწოდებული ერთი ან ორი წესის შემდგომ უკვე შეგიძლიათ თქვენი წინასწარ შემუშავებული წესებიც გააჟღეროთ. მხოლოდ სათითაოდ. შუალედებში კიდევ შეეკითხეთ ბავშვს რაიმე წესი ხომ არ მოაგონდა. თუ ვერაფერს მოიფიქრებს შემდეგ მიაწოდეთ მეორე და ა.შ.

თუ რომელიმე წესზე სრული უარი განაცხადა, შეახსენეთ როგორ წახვედით დათმობაზე კომპიუტერის წესთან დაკავშირებით. ისევ მიდით შეთანხმებამდე. დაანახეთ როგორ უთმობთ, იმისთვის, რომ თავად ისწავლოს დათმობა.

შეეცადეთ წესების რაოდენობა 10-ს არ ასცდეს, რადგან ბავშვისთვის რთულია დაიმახსოვროს მეტი.

ნაბიჯი 6: სანქცია – თითოეულ წესს შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუწესეთ “ჯარიმა”. შეეცადეთ მაქსიმალურად თემატურად შეესაბამებოდეს სანქცია წესს. მაგ-ად: თუ დააწესებთ, რომ “კომპიუტერის ჩართვა შეიძლება დღეში 2 საათით” და ვინმე ამ წესს დაარღვევს, სანქცია შეიძლება იყოს “მას ჩამოერთმევა კომპიუტერი ერთი დღით”.

ნაბიჯი 7: გადაიტანეთ წესები დიდ ფურცელზე – ეს პროცესი სასურველია ხალისით და შემოქმედებითად შესრულდეს. ჩართეთ ბავშვი მაქსიმალურად. გადაიტანეთ წესები დიდი და ფერადი ასოებით. გააფორმეთ ფურცელი ლამაზად. მიეცით ბავშვს საშუალება მაქსიმალურად იყოს ჩართული.

ნაბიჯი 8: გადაიტანეთ სანქციები იგივე ფურცელზე – თითოეული წესის ქვეშ მიაწერეთ სანქცია ფრჩხილებში. (შედარებით მცირე ზომის ასოებით).

ნაბიჯი 9: ყოველთვის შეასრულეთ სანქცია – არ გაატაროთ და არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ სანქციების ზედმიწევნითი პრინციპული შესრულება მიგიყვანთ შედეგამდე. აქ დათმობა დაუშვებელია.

ნაბიჯი 10: ოჯახის ჩართულობა – თუ წესები დგება ოჯახისთვის, მაშინ ოჯახის ყველა წევრი უნდა ემორჩილებოდეს ამას. თუ ვინმე წესს დაარღვევს და მასზე სანქცია არ იმოქმედებს ბავშვი ამას გააპროტესტებს. ამიტომ ოჯახის ჩართულობა აუცილებელია. თუ ფიქრობთ, რომ ოჯახის ჩართულობის პრობლემა იქნება თავიდანვე გააკეთეთ სხვაგვარი ფორმულირება. შეიმუშავეთ მხოლოდ ბავშვის ქცევის წესები.

ნაბიჯი 11: გამოაკარით წესების ფურცელი თვალსაჩინო ადგილას – უკვე გამზადებული, გალამაზებული წესების ფურცელი გამოაკარით თვალსაჩინო ადგილას. შეიძლება ბავშვმა ყოველდღე არ წაიკითხოს წესები, მაგრამ მისი დანახვა შეახსენებს მას თავის პასუხისმგებლობებს.

ამასთან გაითვალისწინეთ იმისათვის, რომ წესები ჩვევაში გადავიდეს და მიიღოთ შედეგი საჭიროა დრო და შესაბამისად მოთმინება.

თუ თვლით, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი ხერხია ბავშვის ჩვევების გამოსამუშავებლად, მიყევით თქვენს ძველ მეთოდებს და დაუზიანეთ ბავშვს ფსიქიკა ყოველდღიური ქილიკით, უპატივცემულო მოპყრობით, კრიტიკით და ემოციური მითითებებით.

მათ კი ვისაც გსურთ ბავშვის განვითარება, მისთვის ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნება , მეგობრული და წესების ენით საუბარი, გამოიყენეთ ეს ხერხი. წარმატებას გისურვებთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი.

საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,
“დანტე ალიგიერის საზოგადოება”
/ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/

კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like