თვითშთაგონება: ნუ გეშინია!

თვითშთაგონება: ნუ გეშინია!

ყველა აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩვენ გვეშინია, ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სადღაც, ძალიან ღრმად, ჩვენში ზის მტკიცე რწმენა: “ამის გაკეთება არ შემიძლია!” “მეშინია!”… მაინც საიდან მოდის ეს ნეგატიურის მოლოდინი? ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ამის წინაპირობები შორეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ.

ამიტომ, ყოველთვის, როცა წარმოვთქვამთ მაგიურ ფრაზას “მეშინია” ან “არ შემიძლია”, ყური მივუგდოთ ჩვენს შინაგან ხმას, საიდან მოდის, ვისი ხმა ჩაგვესმის. იქნებ ეს დედის ხმაა, რომელიც არ ცდილობდა, ჩვენში ბავშვობიდანვე გამოემუშავებინა და წაეხალისებინა დამოუკიდებლობის გრძნობა?! გავიხსენოთ, ის ყოველთვის ჩვენ ნაცვლად აკეთებდა ყველაფერს. რეალურად ჩვენც შეგვეძლო ჩვენით გაკეთება, მაგრამ ხელს გვიშლიდა ამაში! სწორედ ასე ხდება ჩვენს ცნობიერებაში შეჩვეული უსუსურობის განმტკიცება, რაც ხელს უწყობს გარკვეული კომპლექსების, განსაკუთრებით კი არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას.
ბევრი ქალი აღიარებს, რომ აწუხებს აზრები: “მე ვერ გავთხოვდები”, “მეშინია”. ყველაზე საინტერესო კი ამ ფრაზებში გაგრძელებაა: “…იმიტომ, რომ ამისათვის არასაკმარისად კარგი ვარ, მაინც მიმატოვებენ” და პარადოქსია, მაგრამ სატანჯველისგან გათავისუფლება უფრო საშიშია, ვიდრე თვით სატანჯველი. რატომ? იმიტომ, რომ ტანჯვას უკვე შევეჩვიეთ, უკეთ შეგვიძლია ორიენტირება ცხოვრების ამ “ჩრდილოვან” ნაწილში. არ ვადანაშაულებთ ამაში არავის. ცხოვრების ნათელ, “მზიან” ნაწილში გადასვლა კი, სადაც არის სიცოცხლის ხალისი, ბედნიერება, წარმატება, ძალაუფლება – გვაშინებს მოსალოდნელი სირთულეებით და შესაძლო მარცხით. “საკუთარ სახეს დავკარგავ”, “შევარცხვენ საკუთარ თავს და ახლობლებს” – აი, ასე ახდენს ბევრი ქალი მარცხის პროგნოზირებას.
უთხარით საკუთარ თავს: “ცდა ბედის მონახევრეა” და თამამად გადადგით ნაბიჯი იდუმალი ბედისკენ! თვითშთაგონების ძალა ძალიან დიდია.
ავტორი: ნინო მაღალაშვილი
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ