შემოქმედებითი აზროვნების 3 პირობა

შემოქმედებითი აზროვნების 3 პირობა

"დავფიქრდეთ ფიქრის დაწყებამდე!  "

ჯორჯ პოია

     ტრადიციული აზროვნება ავტომატურად ასოცირდება ანალიზთან, მსჯელობებსა თუ კამათთან. ყოველივე ეს კი მისაღები გახლდათ მხოლოდ ასე თუ ისე სტაბილური, შედარებით ნელი ტემპებით განვითარებადი სამყაროსთვის, მასში წარმოქმნილი სიტუაციების გასაანალიზებლად და შესაბამისი, როგორც წესი, სტანდარტული გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგრამ დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც წინა პლანზე წამოიწია მანამდე არარსებულმა ან ნაკლებად შესამჩნევმა პრობლემებმა, არსებული კონკურენციის კიდევ მეტად გამძაფრებამ, ნათელი გახადა, რომ სტანდარტული, ტრაფარეტულად ქცეული გადაწყვეტილებების მიღება საქმეს ვეღარ შველის და აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში ძალზე გაიზარდა მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზე, რომელთაც ამა თუ იმ დარგის გასავითარებლად პრინციპულად ახალი გზების მოძიება ძალუძთ. საქმე იმაშია, რომ ყველა ნოვატორი ადამიანი აზროვნებს შემოქმედებითად.

      წარმოგიდგენთ პროდუქტიული აზროვნების სამ  პირობას, რომლებსაც წარმატებული ადამიანები ფიქრის დროს იყენებენ:

  1. დღევანდელ დროში აზროვნების პროცესის ხარისხს, უწინარეს ყოვლისა, განაპირობებს არა პიროვნების ისეთი შესაძლებლობანი, როგორიცაა, მაგალითად: მახვილგონიერება, დიდი მოცულობით ინფორმაციის სწრაფად აღქმა-გაანალიზების ანდა თავსატეხი ამოცანების ამოხსნის გზების ადვილად მოძებნის ნიჭი, არამედ შემდეგი უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისება – სწრაფად ცვლად გარემოში სიტუაციის შესაბამისად აზროვნების „გადაწყობის“, მისი საჭირო მიმართულებით კონცენტრირების უნარი.
  1. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, ვისწავლოთ სხვათა აზრების მოსმენა. ამ სურვილის გაჩენას უნდა მოჰყვეს ძალიან მარტივი (თუმცა მეტად ძნელად შესასრულებელი) ქმედებანი:

ა)     ვეცადოთ ჩვენ თვითონ, რაც შეიძლება ნაკლები ვილაპარაკოთ;

ბ)  გულდასმით, თან ოპერატიულად გავაანალიზოთ თანამოსაუბრის ნათქვამი. ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს მომენტალურ-შაბლონური;

  1. თუ ჩვენ შესასწავლ ობიექტს ყოველი მხრიდან შემოვუვლით, გაცილებით გაგვიადვილდება მისი აღქმა-შეფასება და მართებული გადაწყვეტილებების მიღება. მთავარია, არ ჩავთვალოთ რაიმეს შესახებ ჩვენი შეხედულებანი ურყევ ჭეშმარიტებად. შტამპების ტყვეობაში მოქცეული ადამინი ღირებულს ვერაფერს შექმნის. აუცილებელია, ობიექტი, საკითხი, შემოთავაზებული გადაწყვეტილება აღვიქვათ თითოეული შესაძლო ხედვის წერტილიდან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ მის შესახებ თვისებრივად სრულყოფილი აზრების გამომუშავებას.

 ამასთან ერთად, როდესაც საქმე გვაქვს პრაქტიკული ღირებულების მქონე რაიმე ამოცანის გადაწყვეტასთან, თავს იჩენს შემდეგი სამი ფუნდამენტური სახის სირთულე:

  1. ემოციები. ხშირად ფიქრის ნაცვლად ჩვენს ქმედებებს განაპირობებს გრძნობები (უკეთეს შემთხვევაში ალღო, რომელიც არცთუ იშვიათად გვიმტყუნებს ხოლმე), ემოციებიც და ცრუ წარმოდგენებიც. საქმე იმაშია, რომ ემოციები აზროვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და, უმეტესწილად, სწორედ მათზე დაყრდნობით მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, როცა საკითხის გადაწყვეტისას სწორ სააზროვნო გზას ვადგავართ, ემოციების მოხმობა არცთუ სასარგებლო, აუცილებელიც კი არის, მაგრამ თუკი ასე არ გახლავთ, მაშინ მათ საქმისთვის მხოლოდ ზიანი (ზოგჯერ კატასტროფულიც) მოაქვთ. შედეგი უარყოფითი რომ არ აღმოჩნდეს, ვიფიქროთ, თუ როგორ ვფიქრობთ!
  1. საკუთარი უმწეობის შეგრძნება. ეს განცდა მაშინ გვეუფლება, როდესაც არ გაგვაჩნია სწორად აზროვნებისათვის წინასწარ შემუშავებული ზოგადი სტრატეგიები. აქ იგულისხმება ჩვენი რეაქცია, განცდა არსებულ ვითარებაში გასარკვევად საკუთარი მოუმზადებლობის შესახებ: „მე არ ვიცი, რა ვიფიქრო ამის შესახებ; არ მესმის, რა უნდა მოვიმოქმედო!“. ამიტომ, ვიფიქროთ, რას განვიცდით!
  1. დომხალი. ასეთი სიტუაცია მაშინ ფიქსირდება, როცა ვცდილობთ, ყველაფრის შესახებ გვქონდეს ინფორმაცია, ერთბაშად შევეჭიდოთ უამრავ საქმეს და ამ ყველაფერს ერთდროულად გავუწიოთ კონტროლი. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ხშირად ხდება, რომ ადამიანს აზრები სხვადასხვა მიმართულებით  ეფანტება და იგი ვეღარ ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას ერთ კონკრეტულ ამოცანაზე. აქედან გამომდინარე, ვიფიქროთ,  რამდენზე ვფიქრობთ!
Print Friendly, PDF & Email

About author

გიორგი ეპიტაშვილი
გიორგი ეპიტაშვილი 9 posts

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ფინანსები და საბანკო საქმე. ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი.

View all posts by this author →

You might also like