საყვარელი მამაკაცი და მისი „ამფსონები“

საყვარელი მამაკაცი და მისი „ამფსონები“

ალბათ მიხვდით, რომ საუბარია ჩვენი ძვირფასი მეორე ნახევრის ასევე არანაკლებ ძვირფას ძმაკაცებზე. საერთოდ, არამგონია ერთი ქალი მაინც არსებობდეს დედამიწის ზურგზე, რომელსაც შეუძლია 24/7-ზე აიტანოს ფეხბურთომანია, გაუთავებელი წანწალი რესტორნებში და საერთოდაც ძმაკაცებზე დახარჯული დროის უმეტესი ნაწილი, მაგრამ კაცების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ტყუილად ვჭინჭყლობთ ხანდახან ქალები და ვცდილობთ, საკუთარი შეხედულებები მოვახვიოთ მათ თავზე.

ქალბატონებო, როგორ არ გესმით, რომ თქვენ აბსოლუტურად სხვა ადგილი გიკავიათ მის ცხოვრებაში და ამის ფონზე კიდევ სხვის ტერიტორიაზე გაქვთ პრეტენზია?

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ, რომ საყვარელი მამაკაცი არც ჩვენს ხელშია დაბადებული და არც შემდგომი პერიოდი გაუტარებია ჩვენთან.

ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ქალი ცდილობს კაცის წარსული გააკონტროლოს!

მას ხომ თქვენამდეც ჰქონდა ცხოვრება, ამიტომაც რატომ გიკვირთ, თუკი სახლში სერიალების ყურებას მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ცქერა ურჩევნია.

ქალებს ხშირად გვავიწყდება, რომ ერთსა და იმავე სქესს შეუძლებელია ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდეს (თუ რა თქმა უნდა ტრანსსექსუალი არ არის თქვენს გვერდით). უნდა ისწავლოთ გაყოთ თქვენი და თქვენი მეუღლის დრო. აბა წარმოიდგინეთ, თუკი თქვენ გინდათ საყიდლებზე სიარული, გსურთ სალონებში გაიუმჯობესოთ გარეგნობა ან სულაც დაქალებთან იჭორაოთ ბოლოდროინდელ სიახლეებზე, რა დააშავა თქვენმა მამაკაცმა?

თუმცა, მეორეს მხრივ, ხშირ შემთხვევაში მეუღლის ძმაკაცები ქრონიკული დედამთილები არიან. ისინი დეტალურად გაკვირდებიან, განიხილავენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება გამოგიჩნდეთ (და არა მარტო), ცდილობენ შეაფასონ თქვენი ერთგულებისა და კეთილშობილების ხარისხი, მოკლედ გწურავენ ბოლომდე. ამხელა გამოცდის ჩაბარება კი დიდი სტრესია. ხშირ შემთხვევაში, თუ მისი ძმაკაცების უმეტესობას არ მოეწონეთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ რამდენიმე კვირაში თქვენი ძვირფასი მეორე ნახევარიც აიცრუებს გულს თქვენზე.

როგორ მოვიქცეთ არსებულ სიტუაციაში?

გამოსავალი არც ისე მარტივია და რაც ყველაზე მთავარია, ოქროს შუალედს მოითხოვს.

მაშ, ასე, თუ თქვენ მზად ხართ იბრძოლოთ და თამამად გაიცნოთ თქვენი მამაკაცის მეგობრები, მე ისღა დამრჩენია, რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ ამის თაობაზე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეცადეთ კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ მის მეგობრებზე, თუმცა, თუ თქვენი მამაკაცი ოტელოს თვისებებს ატარებს, ამის გამო შესაძლოა შარში გაჰყოთ თავი.

საკითხები, რითიც შეგეძლებათ დააინტერესოთ ნეიტრალურ დონეზე მისი სამეგობრო:

1. ჰობი. გაიგეთ, რა მოსწონს მის კონკრეტულ ძმაკაცს და საუბრის თემა მისი ყველაზე სასურველი გატაცებით დაიწყეთ. ამისთვის უნდა იცოდეთ ოქროს წესი, – როცა მოხვდებით პირველ შეხვედრაზე მის მეგობართან ერთად, იჯექით ჩუმად და დააკვირდით, რაზე საუბრობენ ისინი. მსუბუქი ღიმილი და თავშეკავება თქვენი პერსონისადმი კეთილგანწყობას გამოიწვევს (გაიხსენეთ, რამდენს გვაკრიტიკებენ კაცები ჩვენი უკიდეგანო ლაქლაქის გამო).

ესე იგი, მოუსმინეთ რაზე საუბრობენ ისინი- ხშირად უბრალო დიალოგი უფრო მარტივად გასცემს ადამიანის ხასიათს, ვიდრე კითხვებზე გაცემული პასუხი (თითქმის ყველა ადამიანი ხომ ქრონიკული მატყუარას სინდრომითაა შეპყრობილი).

2. არანაირი ალკოჰოლური სასმელი. ხომ არ გავიწყდებათ სად ვცხოვრობთ?
ასეთ შეხვედრაზე დალევა მხოლოდ ორ რამეზე მეტყველებს :

ა) თქვენ დაძაბული ხართ და გინდათ სასმელის მეშვეობით მოიხსნათ ეს. (გეცოდინებათ, რომ დაძაბულობა გადამდებია)

ბ) თქვენ მიდრეკილება გაქვთ ალკოჰოლის მიმართ და ასეთ შეხვედრაზეც კი ვერ ამბობთ მასზე უარს (ლოთის იარლიყი მზადაა უკვე თქვენთვის).

ამიტომაც კარგად დაფიქრდით სანამ შეუკვეთდეთ სასმელს.
იცოდეთ, რომ ნატურალური წვენი თქვენს სისადავეს გაუსვამს ხაზს.

3. კარგი დაკვირვების შემდეგ უკვე შეგიძლიათ დიალოგში ჩაერთოთ. გამოამჟღავნეთ ცოდნა, აქ სიმორცხვე კარგს არაფერს მოგიტანთ, ახლა უკვე თქვენს IQ-ზე არის გამოცდა. ალბათ არ ღირს იმის შეხსენება, რომ საუბრის თემა არ უნდა ეხებოდეს მოდურ ტენდენციებს, გლობალურ დათბობასა და ფინანსურ კრიზისს. ეცადეთ აყვეთ მათ მიერვე წამოწყებულ თემას და თუკი რაიმე კონკრეტულზე არ მიდის საუბარი, აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში და საინტერესო საკითხი წამოჭერით. თემა შეარჩიეთ იმისდა მიხედვით, თუ რა პროფესიის არის მისი მეგობარი და თავად თქვენი საყვარელი ადამიანი. კომპეტენტურობა სამსახურშია საჭირო, აქ კი შეგიძლიათ ზერელე წარმოდგენითაც გახვიდეთ ფონს. გახსოვდეთ, საუბრის თემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი წიაღსვლები ამ თემაზე. (არცერთ მამაკაცს არ უყვარს, როცა ქალი მასზე მეტს საუბრობს მოცემულ საკითხზე).

4. გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად და ბუნებრივად! მოსაუბრეში სასიამოვნო განცდებს იწვევს, როცა მის წინ მჯდომი ადამიანის ღიმილს ხედავს.

კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, თუკი რამე შეგეშლებათ, არ შეგრცხვეთ გაიცინოთ საკუთარ თავზე. იუმორის ყველაზე მაღალი გამოხატულებაა, როცა ადამიანს საკუთარ თავზე შეუძლია იცინოს, ხოლო ღიმილი – ყველაზე კეთილშობილური იარაღია.

5. ეცადეთ თავადაც ეძებოთ მის მეგობარში თქვენთვის მოსაწონი თვისებები. ამის მეშვეობით თქვენ თავს დააღწევთ თამაშის აუცილებლობას და გულწრფელად გამოხატავთ მისდამი მოწონებას.

გახსოვდეთ, – გულწრფელობა ყოველთვის საჩუქრდება.

კიდევ გეშინიათ ამ შეხვედრის? სისულელეა ნერვიულობა იმაზე, რაც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალოთ. პრობლემის შემთხვევაში მისი მეგობრები შეიძლება ყველაზე მეტად ამოგიდგნენ გვერდში, თუკი თქვენ გექნებათ დაფასება მათ თვალში.

ასე რომ, ქალბატონებო, ჯერ დაფიქრდით, იქნებ არც ისე დიდი პრობლემაა თქვენს წინაშე, როგორც ერთი შეხედვით გგონიათ?

მტერი შეიძლება მოყვასად აქციო, ისევე, როგორც კეთილისმსურველი შეიძლება გადაიმტერო.

მე კი შემიძლია მხოლოდ გულწრფელად გისურვოთ წარმატებები.

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like