სად გველის წარმატება
1560 Views

სად გველის წარმატება

იცხოვრო – ნიშნავს გარისკო. რისკი – ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენს ცხოვრებაში არ არის რისკი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღწევებიც. უმეტესობა ჩვენგანი მიეჩვია ყოველდღიურ რუტინას, ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც მოცემულობას, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ საკუთარი კომფორტის ზონაში ვგრძნობთ თავს დაცულად და თავდაჯერებულად მაშინაც კი, როცა ეს ზონა ჭაობს ჰგავს. სამაგიეროდ თბილა, მოხერხებულად ვართ, მიჩვეული ვართ…

სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ამ ჭაობში ატარებს მთელ ცხოვრებას. ჩვენ ვეგუებით გარკვეულ საკითხებს, რომელთა არსებობას ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ვერც კი წარმოვიდგენდით. ალბათ არასოდეს წარმოიდგენდა ბევრი ადამიანი, რომ მომავალ ცხოვრებას უსაქმურად, ტელევიზორის წინ დივანზე წამოწოლილი გაატარებდა, თუმცა გადის წლები და მათ ცხოვრებაში სწორედ ასეთი რეალობა დგება.
რამდენად გამართლებულია ახალგაზრდობის იდეალებზე უარის თქმა და საკუთარი თავისთვის გამარჯვების აღნიშვნის სიამოვნების მოკლება?

თავდაპირველად ადამიანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, აქვს თუ არა ოცნება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ოცნება, ისეთიც კი, რომელიც გეჩვენებათ რომ მიუღწევადია. გაიხსენეთ როგორ წარმოგედგინათ საკუთარი ცხოვრება როცა იყავით 10, 15, 17 წლის? სიყმაწვილეში ადამიანი არ უფრთხის წინაღობებს და არჩევანშიც მეტად თავისუფალია.

გინდოდათ სიმღერა ან ცეკვა გცოდნოდათ? გენიალური მეცნიერი ყოფილიყავით და მიგეღოთ ნობელის პრემია უკვდავების ვაქცინის გამოგონებისთვის? იქნებ ცნობილი მსახიობი ან კარგი მღებავი გინდოდათ რომ ყოფილიყავით? როცა ამაზე ოცნებობდით გეჩვენებოდათ, რომ ყველაფერი შეგეძლოთ და თვლიდით, რომ ყველაფერი გექნებოდათ, რადგან ეს გინდოდათ არა?

მიაღწიეთ რამეს, რისი სურვილიც გქონდათ? თუ არ მიგიღწევიათ, ოცნებობთ კიდევ იგივეზე? თუ უკვე სხვა ოცნებები გაქვთ? დაფიქრდით საკუთარ ოცნებებზე – იოცნებეთ მათზე. რა გსურთ ყველაზე მეტად?

თუ გაქვთ ოცნება (ოცნება ყველა ჩვენგანს აქვს, უბრალოდ ყველა ვერ ბედავს რომ იოცნებოს, რადგან არ სჯერათ ოცნებების ასრულების…), გადაწყვიტეთ, ხართ თუ არა მზად იაროთ მიზნის მიღწევის გზაზე და იბრძოლოთ მის განსახორციელებლად? თუ თქვენთვისაც ჭაობში ჯდომა უფრო სასიამოვნოა? პრინციპში ჭაობში ჯდომისას იმედგაცრუება ნაკლებად გექნებათ…

მაგრამ, თუ გადაწყვეტთ შეცვალოთ ცხოვრება, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის, სადაც ამოიკითხავთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი ოცნებების ასრულებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
მაშ ასე! დავიწყეთ:

ნაბიჯი 1 – აიღეთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც თქვენს გარშემო ხდება. ყველაფერი ის, რაც ახლა თქვენს ცხოვრებაშია, წარმოადგენს თქვენი არჩევანის შედეგს. არავინ არის იმაში დამნაშავე, რომ თქვენ არ გაქვთ ის, რაც გსურთ! ყველაზე მთავარი არის სწორედ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. უთხარით საკუთარ თავს: “ამ წუთიდან მე თავად ვაგებ პასუხს ყველაფერზე, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება. მე ვაწყობ ისეთ ცხოვრებას, როგორზეც ვოცნებობ”.

ნაბიჯი 2 – გააანალიზეთ ის გზა, რომლის გავლაც გჭირდებათ, ჩართეთ ინტუიცია და ლოგიკა. რით რისკავთ ამა თუ იმ მიზნის არჩევისას? რა სირთულეები შეგხვდებათ? რა მოხდება თუ მიზანს ვერ მიაღწევთ? ყველა წარუმატებლობა წინასწარ გააანალიზეთ და განიცადეთ. დარწმუნდით არის თუ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომელიმე მიზნის მიღწევა. რას კარგავთ წარუმატებლობის შემთხვევაში? თუ მიზნის მიღწევისთვის მთელი კაპიტალის ჩადება გიწევთ, იქნებ დაფიქრდეთ იმაზე, რომ ყველაფრის სწრაფად მიღება არ ღირს და სჯობს საქმე ნელა, დაკვირვებით და გააზრებულად აკეთოთ? ნუ გახსნით ეგრევე დიდ მაღაზიას, ჯერ პატარა სავაჭრო წერტილით დაიწყეთ. საქმის კეთებას შეეჭიდეთ მცირედით. დაიწყეთ რაიმეს კეთება, მთავარია იმოძრაოთ ოცნების მიღწევის გზაზე.

ნაბიჯი 3 – ოცნებისკენ მიმავალი გზა დაყავით პატარა ნაწილებად. მაგალითად, თქვენი მიზანი თუ არის მაღაზიის გახსნა, გაერკვიეთ რა ტიპის პატარა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიზნის მიღწევისთვის. ეს იქნება სავარაუდოდ ბიზნეს-გეგმის დაწერა, ფირმის დარეგისტრირება, შენობის ნახვა, მომწოდებელთან კონტაქტი, პერსონალის დაქირავება და ა.შ. ყოველი ასეთი საქმე არის იმ დიდი გზის მცირე მონაკვეთი, რომლის გავლაც გჭირდებათ მიზნის მიღწევისთვის. თავიდან ცოტ-ცოტა გარისკეთ და გამოცდილებასთან ერთად უფრო გათამამდებით. გჯეროდეთ საკუთარი თავის და არასოდეს დანებდეთ.

ნაბიჯი 4 – გამოდით კომფორტის ზონიდან, აიძულეთ ამის გაკეთება საკუთარ თავს, რადგან ეს ადვილი არ არის
. დაიწყეთ დაუყოვნებლივ მოქმედება და ნუ მოუსმინეთ თქვენი რაციონალური გონების კარნახს, რომელიც მუდმივად გეუბნებათ, რომ „უკვე დრო აღარ არის, რომ დაბერდით, რომ არაფერი არ გამოგივათ“ და ა.შ.

თქვენი ცხოვრება იქნება ზუსტად ისეთი, როგორსაც თავად შექმნით. გახსოვდეთ, ნებისმიერი ცოდნის შეძენა შესაძლებელია. ასაკზე წუწუნი საერთოდ სასაცილოა. მნიშვნელობა არ აქვს 20 წლის ხართ, 40-ის თუ 70-ის, წინ მშვენიერი და რაც მთავარია ახალი ცხოვრება გაქვთ! და არ აქვს მნიშვნელობა რა ხანგრძლივობის იქნება ის, მთავარია ისე განვლოთ, როგორც თქვენ გსურთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like