როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში
2159 Views

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

get_img (1)სიბნელისა თუ მარტო დარჩენის შიში ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. რა იწვევს შიშებს? როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მათ დაძლევაში და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის შიშებთან მიმართებაში? – ამ საკითხებზე პასუხის მისაღებად გაეცანით ია ფრანგიშვილის ინტერვიუს ფსიქოკონსულტანტთან, კლინიკურ ფსიქოლოგთან, მარიტა მერკვილაძესთან.

ქალბატონო მარიტა, რა არის შიში და საიდან ჩნდება ის?

შიში არის ადამიანის თანდაყოლილი ინსტინქტი და მას დამცავი ფუნქცია აკისრია. თუ რაღაცის არ მეშინია – ფრთხილად არ ვიქნები, შესაბამისად, არ ვიქნები დაცული, ამიტომ შიში მხოლოდ ნეგატიური კონტექსტით არ უნდა განვიხილოთ. გარდა თანდაყოლილი შიშებისა, ბავშვებს მოგვიანებით უყალიბდებათ შიშები გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, ანუ როცა უკვე უფროსების დახმარებით სწავლობენ, თუ რა შეიძლება გარემოში იყოს მათთვის საშიში.

ხშირია ბავშვებში სიბნელის შიში, მარტო ყოფნის შიში, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას. მაგალითად, ბავშვმა არ იცის რას უნდა მოელოდეს სიბნელეში, ამიტომაც ეშინია მისი. რაც უფრო გაურკვეველია სიტუაცია მათთვის, მით უფრო მაღალია შიშის კოეფიციენტი.

როდის შეიძლება შიში იყოს ნორმა და როდის – პათოლოგია?

6-7 წლამდე ბავშვის აზროვნება უფრო აბსტრაქტულია და მისი ფანტაზია გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად სიბნელეში, ბევრ სხვადასხვა აზრს წარმოშობს, ამიტომ შიში უფრო ძლიერდება სიბნელეში, თუმცა 7 წლის შემდეგ, როცა ბავშვს უყალიბდება ლოგიკური აზროვნება, ამის ხარჯზე იწყებს შიშების დაძლევას. იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკში შიშში რეალურად დევს მიზეზი – ეს ნორმალურია, მაგრამ თუ მიზეზი არ არის, ანუ შიში არ არის მიმართული უსაფრთხოების შენარჩუნებისკენ – ეს უკვე ფობიაა და ბავშვი დახმარებას საჭიროებს.

რა შეიძლება იყოს სიბნელის ან სხვა მსგავსი შიშის მიზეზი 6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში?

თუ ლოგიკურ აზროვნებას უნდა დაეძლია შიში, მაგრამ ასე არ მოხდა, ეს არარეალური შიშია. ანუ თუ ბავშვს ეშინია, მაგრამ საფრთხე არ არსებობს, ეს უკვე სხვა პრობლემაზე მიგვანიშნებს და ამ პრობლემას შფოთვა ჰქვია. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ შიში გამოწვეულია რაღაც შფოთვისგან, რომელიც ბავშვს (და ხშირ შემთხვევაში უფროსებსაც) გაცნობიერებული არ აქვს და ამას გამოხატავს შიშში. შფოთვის გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად სასურველია ფსიქოკონსულტანტის ჩარევა, რადგან შფოთვის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვის რთული ურთიერთობები თანატოლებთან ან სულაც ის, რომ ბავშვს არ აქვს სტაბილურობის შეგრძნება ოჯახიდან და ეს გადააქვს გარკვეულ შიშებში, ახდენს ამ შეგრძნებების სახეცვლილებას შიშით.
6-9 წლის ასაკის ბავშვებში ძალიან გავრცელებულია სიკვდილის შიში, რაც ამ პერიოდში ნორმად არის მიჩნეული. ასეთ შიშებს ეგზისტენციალურ შიშებს ეძახიან. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს ახლობლის გარდაცვალება, ან ბავშვის მიერ საუბრის მოსმენა ამ თემაზე. ისინი იწყებენ ფიქრს, თუ რა იქნება როცა გარდაიცვლებიან, შეიძლება ეშინოდეთ, რომ სჭირთ მომაკვდინებელი დაავადება და ა.შ. თუმცა უკვე მოგვიანებით, ბავშვები თავისით სძლევენ ამ შიშებს.
როგორ უნდა დაეხმარონ უფროსები ბავშვებს შიშის დაძლევაში?

ასეთ დროს აუცილებელია საუბარი ბავშვთან და გარკვეული საკითხების ახსნა. მაგალითად, დაელაპარაკეთ მათ, გაიგეთ რას ელოდება ბავშვი ამ შიშის იქეთ, ჰკითხეთ, როგორ წარმოუდგენია, რა არის სული (ან ის არსებები, რისიც ეშინია), რა შეიძლება მოხდეს, როცა ის გამოჩნდება და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვი გააცნობიერებს, თუ რას ელოდება, ბევრად უფრო დამშვიდდება. ასევე ესაუბრეთ იმაზე, საერთოდ არსებობენ თუ არა რეალურად ეს არსებები, თუ არსებობენ – სად? გაარკვიეთ ისინი იმაში, თუ რისი ეშინიათ და მათგან რა არის რეალობა და რა გამოგონილი.

სიბნელის ან მარტო დარჩენის შიშის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნელ-ნელა შეჩვევის მეთოდი. მაგალითად, თუ ბავშვს ძილის წინ შუქს ჩართულს უტოვებთ, ჯერ დატოვეთ უფრო დაბალი ინტესნივობის განათება, შემდეგ კიდევ უფრო დაბალი და ასე, ნელ-ნელა შეაჩვიეთ სიბნელეს. ზოგჯერ ასეთ მეთოდს უფრო რადიკალური ფორმით იყენებენ მშობლები, რაც არ არის რეკომენდებული. მაგალითად, შეაჯახონ ბავშვის მისსავე შიშს, ანუ მიუახლოვონ ბავშვი იმას, რისიც ეშინია – შეუშვან ბავშვი პირდაპირ ბნელ ოთახში, უეცრად დატოვონ მარტო და ა.შ. ასეთი მეთოდები ფსიქოლოგიაში ნამდვილად არსებობს, მაგრამ მათი განხორციელებისას მთელი რიგი დაკვირვებებია საჭირო, რათა არ მოხდეს ბავშვის უფრო მეტად ტრავმატიზირება.

როგორ არ უნდა მოიქცნენ მშობლები?

პირველ რიგში არ შეიძლება ისთი აკრძალვები, როგორიცაა: „ბიჭი ხარ და როგორ არ გრცხვენია“, „უკვე დიდი ხარ და ნუ გეშინია“, – ეს პრობლემას იმიტომ არ აგვარებს, რომ ამ დროს ქრება არა ემოცია, არამედ ემოცია ითრგუნება და სინამდვილეში ბავშვს მაინც რჩება შიში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა არ ჩაუნერგონ ბავშვებს უსაფუძვლო შიშები. როცა ბავშვს უნერგავენ ისეთ შიშებს, რომლებიც საერთოდ არ არის საჭირო და რეალური, ამით ბევრად უფრო მშიშარას ხდიან ბავშვს, ვიდრე ამას რეალობა ითხოვს (მაგალითად, როცა ბავშვი სასრიალოზე ადის და უყვირიან, რომ არ გადმოვარდეს, ან როცა ჭამის დროს აშინებენ – თუ არ შეჭამ ვიღაც წაგიყვანს და ა.შ.). მშობლებს ვურჩევდი, რომ რეალურად შეხედონ თუ რა არის გარემოში ნამდვილად საშიში და რა – არა, თორემ ბავშვი გახდება მშიშარა და იქნება მუდამ დაძაბული. მათ უნდა გაიზარონ, რომ შიშებთან თამაში არ ღირს.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/weekly1/49334/

Print Friendly, PDF & Email

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი.

საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,
“დანტე ალიგიერის საზოგადოება”
/ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/

კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like