მობილური ტელეფონები და მამაკაცები

მობილური ტელეფონები და მამაკაცები

ერთი შეხედვით საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ ფიჭური კავშირის დამამყარებელ ნივთებსა და მამაკაცებს. ისინი ზუსტად მაშინ არიან მომსახურების ზონიდან გასული, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება და მათი “ბატარეის დაცლა” რატომღაც მუდამ ჩვენი კაპრიზების პირდაპირპროპორციულია.

გარდა ამისა, გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილა, რომ მობილურის ზარს შეურცხვენიხართ ხალხში? ის მაშინ რეკავს, როცა ჩვენ სამგლოვიარო იერით ვსხედვართ პანაშვიდზე. ან რომელიმე წვეულებაზე სიმპატიური კავალერის გარემოცვაში გვახსენებს თავს. ასევეა მამაკაციც, ზუსტად მაშინ მოგვადგება ხოლმე, როდესაც უკვე უმისოდ ცხოვრებას ვეჩვევით.

და მაინც, მამაკაცი უფრო ძნელი შესარჩევია, ვიდრე მობილური ტელეფონი. როცა ვირჩევთ მოდელს, ვფიქრობთ მის პიქსელებზე, ჩიპზე, დიზაინზე. თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, მათ შესწავლას მცირე ხანი სჭირდება, მაშინ როცა მამაკაცის მსგავსი რამეების შემოწმებაზე შეიძლება მთელი ცხოვრება გავიდეს.

თუმცა, ასე ხელაღებით მტკიცება, რომ კაცები ყველაზე რთულფუნქციური მობილურების მსგავსნი არიან, – უაზრობაა.
ვეკითხებით თუ არა ქალები საკუთარ თავს, თუ რა არის პრიორიტეტული შერჩევისას?
თუ არ მოგეწონა, მობილურს მალევე გამოცვლი, მაგრამ რამდენად მართებულია შეარჩიო მამაკაცი და „ფუნქციების დაწუნების მიზეზით“ მოკლე დროში თავიდან მოიშორო?

ეს არამარტო კატასტროფულად აისახება ჩვენს იმიჯზე, ასევე თვითშეფასებასაც დაგვიგდებს (თავდაჯერებულობა კი სწორედ ისაა, რაც ასე ხიბლავს საპირისპირო სქესს).

შეკამათება არ გამოვა. სქესთა ჭიდილში გამარჯვებული არავინაა. აქ მხოლოდ დაზარალებულები არიან. ამიტომაც, კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ საკუთარ სურვილებზე, პრიორიტეტებზე, რათა მერე უფრო კომპეტენტურად და საფუძვლიანად შევარჩიოთ სასურველი პარტნიორი.

ამასწინათ (როცა თავისუფალი დრო ისეთი სანატრელი მქონდა, რომ არც კი ვიცოდი, რაში დამეხარჯა იგი) კაფეში ვიჯექი მყუდრო გარემოში და გულში ფინჯან ყავას ვესაუბრებოდი. ხომ გესმით, ქალს, რომელსაც მარტო ჯდომა უწევს მსგავს დაწესებულებაში და დროის გაფლანგვით არის დაკავებული, ერთადერთ გასართობად სხვების თვალიერება დარჩენია. (მით უფრო, რომ ფინჯანი ყავა არც ისეთი კარგი მოსაუბრე გამოდგა). არჩევანი ერთ-ერთ წყვილზე შევაჩერე, რომლებიც ისე უხერხულად ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, ეტყობოდათ, რომ ან უკვე მოასწრეს კამათი, ან ახლა ატეხდნენ ჩხუბის ქარ-ცეცხლს. ქალბატონებო, იცოდეთ, რომ კაფეში სასურველ მამაკაცთან ჯდომასაც კი აქვს თავისი დაუწერელი წესები.

მაშ ასე, ქალური სოლიდარობა მაწვება და მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ.

1. თუკი თქვენი ურთიერთობა უკვე ერთად ყოფნის ფაზასთან ვარირებს, არასოდეს დაჯდეთ მის პირდაპირ. ასეთი მდებარეობა მხოლოდ უფროსთან ყოფნის დროს არის მიზანშეწონილი. ეს საქმიანი პოზაა.

არადა, რამდენჯერ წამოსკუპებულხართ საკუთარი სურვილით მის პირდაპირ, თვალების ჟუჟუნისა და დეკოლტეს მარიაჟობის მიზნით. დამიჯერეთ, ეს შეცდომაა! თუ თქვენ ეფექტური მკერდი გაქვთ და კიდევ უფრო ეფექტურად აჩენთ მას, თქვენი მამაკაცი უკვე არაერთხელ დააფიქსირებდა მას, ამიტომაც არ არის საჭირო მაინცდამაინც ჰორიზონტად მისი გადაშლა. შეგიძლიათ გვერდით მიუჯდეთ და მიეხუტოთ. (ბოლო-ბოლო ასე უფრო ახლო ხედი გადაიშლება მის წინ).

2. არასოდეს უთხრათ, – „რაც გინდა ის შეუკვეთე, ძვირფასო“. გესმით რა ყალბი ხართ? და დამიჯერეთ, თუ გულით ამბობთ ამას, კიდევ უარესი. გამოდის, რომ საკუთარი აზრი საკვებზეც კი არ გაგაჩნიათ, არც გამოკვეთილი გემოვნებით დაიკვეხნით და შესაძლოა სულაც მამაკაცის სათრევი იყოთ.
იცოდეთ, კაცს უყვარს დომინირება, მაგრამ არის ადგილები, სადაც საკუთარი აზრი და სითამამე უფრო მეტ ხიბლს მოგანიჭებთ.

3. ჭამის დროს თვალებში ყურება იმაზე მეტი უზრდელობაა, ვიდრე ასეთ დროს საუბარი. წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე აქვს (მით უფრო ქალი და ბიფშტექსი), თქვენ კი მას ასეთი სასიამოვნო პროცესის დროსაც კი არ ანებებთ თავს და ნორმალურად ჭამის საშუალებას არ აძლევთ. ის იძულებულია (თუკი მეტად კულტურულია), აკურატულად დაჭრას ხორცი და შემდეგ მოხდენილად გაკბიჩოს, ეს ფორმალობა კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ხართ თავხედი და მას ჭამის დროს თვალს არ აშორებთ.

თქვენ გგონიათ, ამით თქვენს ყურადღებიანობას უსვამთ ხაზს? დამიჯერეთ, ლოგინი და სუფრა ერთი და იგივე არაა.

4. ნუ მოითხოვთ ჭამის დროს კომპლიმენტებს. რატომ გგონიათ, რომ ნამცხვრის წინაშე თქვენ უფრო გემრიელი ჩანხართ? ან საერთოდ, რატომ ედრებით გლუკოზით გატენილ საკვებს? ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ქალბატონებო. კაცი, რომელიც გამოტენილი პირით კომპლიმენტს გეუბნებათ, სულაც არ არის აღფრთოვანებული თქვენი სილამაზით, მას მხოლოდ და მხოლოდ თქვენი შეტყუება უნდა ლოგინში. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი იფიქრებს თქვენს შთამბეჭდავ ვარცხნილობაზე, როცა პირში უგემრიელესი ნამცხვარი ადნება?

5. და რაც ყველაზე მთავარია, იყავით ბუნებრივი! არ არის საჭირო ეროტიულად სასმელის მოწრუპვა და მინაბული თვალებით კერძის მირთმევა. ვნება ინსტინქტის ყველაზე განვითარებული ფორმაა, მაგრამ ის მაინც ინსტინქტად რჩება. ეს კი, მოგეხსნებათ, რომ ადამიანური რამ არის. ხოდა, რატომ გგონიათ, რომ ეს სიყალბე მასში ადამიანურ ცეცხლს გააღვივებს?

ალბათ კიდევ გავიხსენებდი რამდენიმე წესს, მობილურს რომ არ დაერეკა.
ხომ გითხარით, ყველაზე შეუფერებელ დროს იციან ხოლმე ფიჭურმა ქსელებმა შეწუხება.
მინდა ბოროტი ზეიმით (არადა, რა სამწუხარო ფაქტია) გაცნობოთ, რომ იმ წყვილმა საუბარი ჩხუბით დაასრულა, მე კი ამჟამად ისე მადიანად შევექცევი ახალმოტანილ ბიფშტექსს, რომ მობილური კი არა, საყვარელი მამაკაციც კი ვერ შემაწყვეტინებს მის დაგემოვნებას.

…და მაინც, რა განსხვავებაა მობილურ ტელეფონსა და მამაკაცს შორის?
მობილური ტელეფონები ყოველდღე ძველდებიან ახალი მოდელის გამოსვლის გამო, საყვარელი მამაკაცი კი შეუცვლელია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

პოზიტივი და ნეგატივი

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: ორშაბათი

დაიწყეთ დილა პოზიტიურად, შემატეთ ფიქრს დადებითი მუხტი და იმოქმედეთ ამ შემართებით. ყველაზე წარმატებული ხარ მაშინ, როცა ამოიცნობ საკუთარ შესაძლებლობებს და მათ სწორი განვითარების შესაძლებლობას მისცემ. წინსვლისთვის მუყაითი შრომა გაცილებით მეტ

ფსიქოლოგია

პოზიტიური ფსიქოლოგია: 4 იდეა, რომ იყოთ ბედნიერი

ადამიანები ფიქრობენ, რომ იქნებოდნენ ბევრად უფრო ბედნიერები მეტი ნივთის ან ფულის ქონის შემთხვევაში. რასაკვირველია, კარგი სახლი, ავტომანქანა და ანგარიშზე სოლიდური თანხა ბევრად გაალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ კონკრეტულად მხოლოდ ფულის არსებობა

ფსიქოლოგია

პუნქტუალურობა

პუნქტუალურობა არც თუ ისე მარტივია, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს და ამ თვისებას გამოიმუშავებს, მაშინ მას საშუალება ეძლევა იყოს მუდმივად მოწესრიგებული ყველაგან. ეს ხასიათის განსაკუთრებული ნიშანია, რომელიც პიროვნების ბევრ სხვა ღირსებაზეც