მიხაილ ლიტვაკი: მითხარი რით სიამოვნებ და გეტყვი ვინ ხარ

მიხაილ ლიტვაკი: მითხარი რით სიამოვნებ და გეტყვი ვინ ხარ

ტკბობა და სიამოვნება: რა სხვაობაა?
სიამონვებაში იგულისხმება სასიამოვნო შეგრძნება, რაც უკავშირდება ბიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამრიგად, სიამოვნება – ეს არის გრძნობა, რომელიც მაღალი დონის ცხოველებთან გვაერთიანებს. სიამოვნება თან ახლავს კვების, სმის, სქესობრივ, სუნთქვის და ა.შ. აქტებს. სხვათა შორის დეფეკაციისა და შარდის გამოყოფის აქტებსაც. თუ ჩვენ გვსურს ის შედარებით გავაძლიეროთ, უბრალოდ ოდნავ თავი უნდა შევიკავოთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისგან, ანუ სიამოვნების მიღების პროცესი უნდა გავახანგრძლივოთ. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ სიხარულის მსგავსი რამ, რომელიც რეალურად ტკბობაა. ძველად ამბობდნენ, რომ კერძის საუკეთესო სანელებელი არის შიმშილიო.

პრინციპში, შეუძლებელია ტკბობა, თუკი ბიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ხდება. როცა ადამიანი ძალიან მშიერია, ის სწრაფად ჭამს. თუ მამაკაცი დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა ქალთან, სქესობრივი აქტის დროსაც ჩქარობს ან უბრალოდ სიამოვნების გახანგრძლივებას ვერ ახერხებს – ანუ, რეალურად სიამოვნების მიღებას ვერ ახერხებს.

ტკბობის მომენტი დგება მას შემდეგ, რაც ხდება ბიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება. მაგალითად, ადამიანი დანაყრებულია, მაგრამ სთავაზობენ მის საყვარელ კერძს. ის იწყებს კერძის ნელ-ნელა მირთმევას და ფაქტიურად ტკბობის მიღებას. ანუ ეს განცდა მხოლოდ ადამიანს აქვს და მას სწავლის შედეგად გამოიმუშავებს. ზუსტად იგივენაირად შეიძლება მივუდგეთ სექსს. მისით ტკბობის მიღება შეუძლია მხოლოდ მცოდნე ადამიანს, სხვები უბრალოდ მოკლევადიან სიამოვნებას იღებენ. ყველა ზემოთ თქმული ტკბობის ფორმა ფიზიკურია და შეზღუდულია თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თუმცა, არსებობს სულიერი ტკბობაც, მგალითად ადამიანები ტკბებიან კლასიკური მუსიკის მოსმენით. ზოგი შეიძლება ასეთ დროს მოწყენილობით დაიტანჯოს. შესაბამისად, სულიერი ტკბობაც უნდა ისწავლოთ, რადგან სულიერი ტკბობის სპექტრი გაცილებით ფართეა, ვიდრე ფიზიკურის.

ზოგიერთი ადამიანი სულიერ ტკბობას განიცდის ინტელექტუალური საქმიანობისას (ფიქრი, ლექციების კითხვა, პაციენტების მკურნალობა, კლიენტებთან მუშაობა, წიგნის დაწერა). ზოგიერთი ადამიანი არანაკლებ ტკბობას იღებს, როცა ჩაწვდება დიდი მწერლების, ფილოსოფოსების, პოეტების ნააზრევს. ადამიანები სულიერ ტკბობას განიცდიან მუსიკის მოსმენითაც, თეატრში, ოპერასა და საგამოფენო დარბაზებში სიარულით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გაანალიზებით, თუ რისგან იღებს ადამიანი ტკბობას, შესაძლებელია მისი განვითარების დონის და შესაძლებლობების განსაზღვრა. თუ ადამიანი ტკბება აბობოქრებულ ზღვაში ბანაობით, მაშინ ვერანაირი ამინდი ვერ გაუფუჭებს მას ხასიათს და ვერ ჩაუშლის შვებულებას. თუ ადამიანს არ შეუძლია სიმაღლეზე სიარული, მაშინ ის ვერ დატკბება მთის წვერიდან დანახული ხედით.

ტკბობის ხარისხი დამოკიდებულია შესაძლებლობის ხარისხზე. თუ ადამიანს რაიმეს გაკეთება შეუძლია და ამას ცუდად აკეთებს, მხოლოდ დაიტანჯება. თუ გავაკეთებთ ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზს, მივიღებთ შემდეგ წინადადებას: «მითხარი რით ტკბები და გეტყვი ვინ ხარ».

სად ვეძებოთ ტკბობა?
ყველაზე მარტივი და ადვილია მისი მოძებნა პროფესიულ საქმიანობაში, თუმცა ამისთვის საჭროა იყოთ მაღალი კლასის პროფესიონალი. თუკი ლექტორი ყოველი ლექციის წინ ღელავს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მისი კვალიფიკაციის დონე არც ისე მაღალია. ექიმი არ უნდა კვდებოდეს ყოველ ავადმყოფ პაციენტთან ერთად, მან სუფთა სინდისით ყველაფერი უნდა გააკეთოს პაციენტის გადასარჩენად, რაც კი შესაძლებელია და ამის შემდეგ მისი სამუშაო ტკბობის საბაბი გახდება.

ფიზიკურ და სულიერ ტკბობას შორის არსებობს რამოდენიმე არსებითი სხვაობა – ფიზიკური ტკბობა ჩვენ გვყოფს, ხოლო სულიერი გვაერთიანებს. თუ ადამიანი ტკბება სუფრაზე მოტანილი წითელი ხიზილალით, რომლის რაოდენობა შეზღუდულია, ხიზილალის მოყვარული სხვა ადამიანი მისი მეგობარი ნამდვილად ვერ იქნება, არც ვინმეს ენდომება თავისი სექსუალური პარტნიორი, რომლისგანაც ტკბობას იღებს, ვინმესთან საზიარო ჰყავდეს.

სულიერი ტკბობის მნიშვნელოვანი ნიშანია ის, რომ მისი განაწილება, ვინმესთვის გაზიარება რთული არ არის, პირიქით, რაც უფრო მეტად გაუზიარებ სხვას, შენ კიდევ უფრო დიდ ტკბობას იღებ. ეს მდგომარეობა კარგად არის ილუსტრირებული აღმოსავლური იგავით:

«მეც ერთი ვაშლი მაქვს და შენც. თუ გავცვლით, შენც ერთი ვაშლი დაგრჩება და მეც. მაგრამ თუ მე და შენ თითო იდეა გვაქვს, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ექნება ორ-ორი იდეა».

და ბოლოს, ტკბობა ამყარებს ადამიანის ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს მის სიცოცხლეს. ტკბობის დროს ადამიანის სისხლში ალკოჰოლისა და ენდორფინების დონე იმატებს, რაც ხელს უწყობს ადაპტაციის პროცესს. ადამიანი, რომელიც ხშირად განიცდის ტკბობას, აღარ იყენებს სპირტიან სასმელს, ის ასევე არ არის მიდრეკილი ნარკოტიკის მოხმარებისკენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადამიანი ზუსტად ისე ეჩვევა ტკბობის მიღების ობიექტს, როგორც ალკოჰოლს და ნარკოტიკს.

ტკბობის განცდის გაჩენა მუდმივად ერთ და იგივე ობიექტით არ არის გამოწვეული. ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ სიმღერები სწრაფად გადადის მოდიდან, ერთი და იგივე გარემო სწრაფად ხდება მოსაბეზრებელი. ადამიანს უწევს რაიმე ახლის მოგონება იმისათვის, რომ ტკბობა მიიღოს. ფაქტიურად, ტკბობის მიღების მცდელობა და ძიება არის ადამიანის განვითარების წყარო.

არსებობს ტკბობის კიდევ ერთი წყარო, რომელსაც არ სჭირდება დამატებით მატერიალური სახსრები და ტკბობის ობიექტის შეცვლა, განსაკუთრებით სულიერი ტკბობის. ეს წყარო არის სულიერი განვითარება. ამ მხრივ განვითარებული ადამიანი უფრო მეტს ხედავს საგნებშიც და ადამიანებშიც. ასეთ დროს შესაძლებელია ერთ და იგივე გენიალურ წინგს მრავალჯერ დაუბრუნდეთ. ყოველი ხელახალი წაკითხვისას მასში რაიმე ახალს აღმოაჩენთ. კარგად ნაცნობი ადამიანები უფრო დაგაინტერესებთ, რადგან მათში დაინახავთ იმას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. ამის შემდეგ ტკბობის წყარო თქვენთვის გახდება განუსაზღვრელი და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.

ისწავლეთ დატკბეთ ცხოვრებით!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like