მენეჯმენტის მმართველობითი ეთიკის კოდექსი

მენეჯმენტის მმართველობითი ეთიკის კოდექსი

მმართველობითი ეთიკის კოდექსი – ესაა ზნეობის მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვა მენეჯერისთვის აუცილებელია პერსონალთან კონტაქტის დროს.

განვიხილოთ ძირითადი მოთხოვნები, რომლების წაეყენება მენეჯერს:
მისი ჭეშმარიტი ავტორიტეტის საფუძვლებია განათლება, პროფესიონალური უნარ-ჩვევები, პრინციპულობა და ადამიანურობა.

მენეჯერმა უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა პერსონალთან. საკმაო დრო დაუთმოს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებას. მენეჯერი, რომელიც სუსტად ერკვევა სამსახურებრივ პრობლემებში, ავტორიტეტით ვერ სარგებლობს. მენეჯერი უნდა იყოს გამბედავი და მტკიცე. მის კომპრომეტაციას იწვევს უინიციატივობა, სიმხდალე, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიში, `ზემოდან’’ მითითებების მუდმივი მოლოდინი. მენეჯერმა სერიოზული მიზეზის გარეშე არ უნდა გადადოს პრობლემის გადაწყვეტა. მან არ უნდა იჩქაროს შესწორების შეტანა მიღებულ გადაწყვეტილებაში. ნაუცბათევ, არასაკმაოდ გააზრებულ ქმედებას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. მენეჯერმა ისე უნდა დატვირთოს ხელქვეითი, რომ მან ისწავლოს სამუშაო დროის ფასი. ყველაზე უარესია იძულებითი უსაქმურობა. წარუმატებლობის შემთხვევაში მენეჯერმა მიზეზები საკუთარ თავში უნდა ეძებოს და არა გარეთ. ყველაფრისადმი გამართლების მოძებნის ოსტატი სხვა საქმეში უძლურია. მენეჯერები, რომლებსაც არა აქვთ უნარი წინასწარ გათვალონ მოვლენები, როგორც წესი მოულოდნელად გადაეყრებიან მას. მენეჯერმა დავალებები უნდა გაანაწილოს პერსონალის გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. დავალება უნდა იყოს საკმაოდ რთული, მაგრამ შესრულებადი. დავალების მიცემისას მენეჯერმა შემსრულებელს უნდა აუხსნას მიზანი და არსი, რათა შემსრულებლებმა იმოქმედონ შეგნებულად და გამოავლინონ ინიციატივა. არ შეიძლება შემსრულებელს ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი და საჩქარო დავალება მისცე.

მენეჯერი არასდროს არ უნდა დარჩეს მარტო საკუთარი თავის იმედად. არ უნდა აკეთო ის, რისი გაკეთება შეუძლია პერსონალს.

მენეჯერმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ ყველა პრობლემაზე და არ დაელოდოს მითითებებს ზემდგომისგან.

მენეჯერმა პერიოდულად უნდა აკონტროლოს შესრულების მიმდინარეობა, რათა ხელქვეითს არ გაუჩნდეს უკონტროლობის გრძნობა. ამასთან, თავი უნდა შევიკავოთ წვრილმანებში “ქექვისგან”.

მენეჯერმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მთელი პერსონალი თანაბრად იყოს დატვირთული. ამასთან, დაუსაქმებელი შემსრულებლის არსებობა მიუღებელია – იწვევს დისციპლინის დაცემას.

თუ ხელქვეითის საქმიანობის მიმართ არსებობს საფუძვლიანი პრეტენზიები, მენეჯერმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ამ ხელქვეითის ქმედებებში დაფიქსირებული დადებითი მომენტები. ასეთი ხელქვეითი უნდა დაარწმუნო, რომ მენეჯერი არ იზიარებს ლოზუნგს “ყველაფერი ან არაფერი” და შეუძლია გონიერ კომპრომისზე წასვლა.

მენეჯერს არ უნდა ეშინოდეს იმისი, რომ ხელქვეითი ავლენს მასზე მეტ კომპეტენტურობას ამა თუ იმ საკითხში, ან იხვეჭს ავტორიტეტს. ხელქვეითის კარგი რეპუტაცია მენეჯერის დამსახურებაა.

მენეჯერებმა პრიორიტეტი არ უნდა მიანიჭონ დასჯას. თუ ის ბოლომდე არაა დარწმუნებული ხელქვეითის დანაშაულში, სჯობს თავი შეიკავოს მისი დასჯისგან.

მენეჯერს უნდა გააჩნდეს იუმორის გრძნობა და ნორმალურად მოეკიდოს მისი თანდასწრებით ხელქვეითების ხუმრობას. ამასთან, ხელმძღვანელი არ უნდა ცდილობდეს “კეთილი უფროსის” სახელის მოპოვებას პერსონალთან ფამილიარობის ხარჯზე.

მენეჯერმა საკუთარ თავზე კონტროლი არ უნდა დაკარგოს არც ერთ შემთხვევაში. კამათის ან შელაპარაკებისას არ უნდა შეურაცხყოს ხელქვეითი, არ ილაპარაკოს მწვავედ, გამომწვევად. მას უნდა ახსოვდეს, რომ უხეშობა და მომთხოვნელობა ერთი და იგივე არ არის. მენეჯერმა საკუთარი ძალაუფლება უნდა გამოიყენოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ ყველა სხვა მეთოდი ამოწურულია. ამასთან, მენეჯერმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს პერსონალის მოთმინებით. სამსახურებრივი კონტაქტები უნდა იყოს მაქსიმსლურად ხანმოკლე. მენეჯერმა თავი უნდა შეიკავოს მესამე პირის დასწრებით ხელქვეითისთვის შენიშვნის მიცემისაგან. ხელქვეითის შესახებ დაუსწრებლად არ უნდა გამოითქვას კრიტიკული შენიშვნები.

მენეჯერს უნდა შეეძლოს საკუთარი საქმიანობის საღი თვალით შეფასება, შეცდომის აღიარება და არასწორი გადაწყვეტილების გაუქმება.

მენეჯერები, რომლებიც უგულვებელყოფენ მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, უპირისპირდებიან პერსონალს და საბოლოო ჯამში კარგავენ ეფექტური მართვის შესაძლებლობას.

მენეჯერმა თავი უნდა შეიკავოს ფორმალური, უსაგნო საუბრებისგან. მისი ქმედება ნაკარნახევი უნდა იყოს მხოლოდ მიზანშეწონილობის პრინციპით.

მენეჯერმა ხანდახან უმჯობესია შენიშვნას მისცეს შეკითხვის სახე:
“ხომ არ ფიქრობთ თქვენ, რომ აქ რაღაც შეცდომას აქვს ადგილი?”
“ხომ არ მიგაჩნიათ, რომ აქ რაღაც უნდა შეიცვალოს?” და ა.შ.

განკარგულებები უნდა გაიცეს თხოვნის სახით: “გთხოვთ” და არა “გავალებთ”, “თუ შეიძლება” და არა “კეთილი ინებეთ!”, ვინაიდან ავტორიტეტული მენეჯერის თავაზიანი განკარგულებაც კი ხელქვეითის მიერ აღიქმება, როგორც ბრძანება და მას არ სჭირდება ფორმალური `გამაგრება’’.

მენეჯერი კარგად უნდა ერკვეოდეს ადამიანებში, პირველ რიგში მის გარემოცვაში. მლიქვნელობა და ზღვარგადასული განდიდება ადუნებს მენეჯერის სიფხიზლეს, ამიტომ მან თავი უნდა შეიკავოს გარშემო `საიმედო ბიჭების’’ შემოკრებისგან, ეს ცუდად მთავრდება საქმისთვისაც და მისთვისაც.

მენეჯერმა არასდროს არ უნდა დააგვიანოს არც ერთ ღონისძიებაზე და იგივე მოითხოვოს ხელქვეითებისგანაც. პუნქტუალობა მნიშვნელოვნად ზრდის მის ავტორიტეტს.

მენეჯერმა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს არა მხოლოდ ხელქვეითთან, არამედ ზემდგომებთანაც, მიაწოდოს მათ სწორი ინფორმაცია საქმიანობის შესახებ და დაიცვას სამსახურებრივი ინტერესები.

აუცილებელია მენეჯერმა კარგად იცოდეს ქცევის ეტიკეტი და დაიცვას მისი ნორმები როგორც ზემდგომებთან, ასევე ხელქვეითებთან.
ზოგადად კი: 

  • ხელის ჩამორთმევა ფეხზე წამოდგომის გარეშე, მაგიდის მიღმა – ცუდი ტონის ნიშანია;
  • პირადი ჰიგიენის დაუცველობა, შეუფერებელი ჩასაცმელი – მიუღებელია;
  • ხელქვეითისადმი მიმართვა მეტსახელით (განსაკუთრებით, თუ ის აკნინებს მის ღირსებას), ან ხელქვეითის სახელის არცოდნის დაფიქსირება – მენეჯერის მიმართ ანტიპათიის გამომწვევია;

ანალოგიურ ანტიპათიას იწვევენ ის მენეჯერები, რომლებიც ხელქვეითებთან საუბრისას იყენებენ დამამცირებელ ჟესტებს, მიმიკას, პოზას: სავარძელში არიან გადაწოლილები, სხვა, “არასამუშაო” პოზიცია უკავიათ.

ავტორი: რომან ჭელიძე
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ