კვირაში 8 საათი ბევრია?

კვირაში 8 საათი ბევრია?

რაზე ვსაუბრობ? დროზე და მხოლოდ დროზე, რომელიც უნდა გაატაროთ ერთად, მხოლოდ ორმა.წყვილთა უმეტესობის მარტოდ გატარებული დროის ჯამი შეიძლება იყოს 3 საათი კვირის განმავლობაში. ხოლო თუ მათ შვილები ყავთ, ეს დრო შეიძლება უდრიდეს 0–ს. აუცილებელია განმარტოებით მინიმუმ 8 საათის გატარება კვირაში და საუკეთესოა, თუ ეს იქნება 15 საათი.

შეყვარებულობის პერიოდში თქვენ ალბათ მეტ დროსაც ატარებდით ერთად. სეირნობდით, საუბრობდით, იცინოდით, უზიარებდით ერთმანეთს გრძნობებს, აზრებს, შეხედულებებს. ეცნობოდით ერთმანეთს უფრო ახლოს; რა იყო თქვენი ოცნებები, შიშები, მოლოდინები ცხოვრებაში. თქვენთვის სასიამოვნო იყო ყოველი ახალი დეტალის აღმოჩენა. აღფრთოვანებულები შესციცინებდით ერთმანეთს თვალებში. ეს გარკვეული პერიოდი ქორწინებაშიც გრძელდება. ბევრი ადამიანი ვერც ამჩნევს, რომ ეს ყველაფერი იცვლება დროთა განმავლობაში და ბოლოს ვიღებთ ისეთ შედეგს, რაც ზემოთ იყო აღნიშნული. ანუ მარტოდ ყოფნის დრო ფაქტიურად 0–ს უტოლდება.

ხშირად წყვილები კითხვაზე, რატომ არ ატარებენ დროს განმარტოებით, პასუხობენ, რომ მათ ერთმანეთი ამოწურეს და რომ ისინი უკვე გაიზარდნენ და ვეღარ ეწყობიან ერთმანეთს ისე, როგორც ეს ადრე იყო. მართალია! თუ თქვენ არ იურთიერთობებთ თქვენს წყვილთან, ბოლოს გამოვა, რომ თქვენ ხართ დაქორწინებული აბსოლიტურად უცხო ადამიანზე. ქორწინებას და ოჯახს აყალიბებს ურთიერთობა ორს შორის, თუ თქვენ არ გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ყველაფერი, რაც შეეხება ოჯახს, იქნება დამტანჯველი თქვენთვის.

ასეთი დანაწევრებული „ურთიერთობის“ პირობებში თქვენ შეიძლება თქვათ, რომ გიყვართ თქვენი მეუღლე, მაგრამ ვერ იქნებით შეყვარებული მასზე.

უმეტესად წყვილები, როგორც ცოლ–ქმარი ხშირად დროს ატარებენ მეგობრებთან, ნათესავებთან და შეიძლება საერთო საქმიან ადამიანებთან ერთადაც კი. ისინი გვევლინებიან დედის ან მამის როლში. მაგრამ ძალიან იშვიათად ატარებენ დროს, როგორც ქალი და მამაკაცი. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც წყვილები ხშირად მიმართავენ ფსიქოთერაპევტებს ჩივილებით: „ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა“, „ის საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას“, „ის უხეშად მომმართავს“, „ჩვენ არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი სექსუალური ცხოვრება“ , ეს პრობლემები ვლინდება, რადგან მათ არ აქვთ პრიორიტეტები სწორად დაწყობილი ოჯახში. პრიორიტეტების სწორი რიგითობა კი შემდეგია:

1. ქორწინება
2. ბავშვები
3. დიდი ოჯახი და მეგობრები
4. სამსახური
5. სხვა დანარჩენი

ხშირად წყვილები პრიორიტეტების ასეთ განლაგებას თავს არიდებენ. მათ უჩნდებათ კითხვები: „რა ვუყო ჩემს სამსახურს?“, „ვინ მოუვლის ბავშვებს?“, „მე აუცილებლად უნდა გავატარო ბავშვებთან ერთად დასვენების დღეები“. მესმის, რომ ძალიან რთულია ამდენ რამეს ერთად მიხედო. მაგრამ ქორწინების შენარჩუნება დამეთანხმებით ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც თქვენთვის, ორისთვის. ბავშვები მადლობას არ გეტყვიან, თუ თქვენ გექნებათ პრობლემები ქორწინებაში, იმის გამო, რომ ისინი უფრო წინ დააყენეთ.

დაიწყეთ დღესვე! შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ განმარტოებით. მოაწესრიგეთ თქვენი დრო ისე, რომ შეძლოთ რაც შეიძლება მეტად იყოთ ერთად. ნუ დაიწყებთ ჭურჭლის რეცხვას მაშინ, როდესაც ბავშვებს სძინავთ და ქმარი სამსახურიდან ბრუნდება. ნუ უყურებთ ტელევიზორში გასართობ გადაცემებს მაშინ, როდესაც შეგიძლიათ ეს დრო ცოლთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. დაუთმეთ ერთმანეთს მეტი დრო. გაფილტრეთ თქვენი გასაკეთებელი „საქმეებიდან“ ის, რაც შეიძლება უბრალოდ არც გააკეთოთ და დაუთმეთ ერთმანეთს თუნდაც 8 საათი კვირის განმავლობაში. დროის დათმობა საყვარელი ადამიანისთვის –––> არა მარტივი, მაგრამ ეფექტური გზაა პირადი ბედნიერებისთვის.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ