ის, რაც ცხოვრებამ დღემდე მასწავლა …

ის, რაც ცხოვრებამ დღემდე მასწავლა …

ვინც გვისმენს, თითოეული ადამიანი იმსახურებს დიდ პატივისცემას.
წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გულისყურით უსმენთ ადამიანს და მისგან იგნორი იგრძნობა, როგორი უსიამოვნოა. ახლა წარმოიდგინეთ, პირიქით, პატივისცემა რომ იგრძნობა, როგორი სასიამოვნოა. ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანი ვერ გრძნობს, ვინ უსმენს მას. არადა ძალიან მნიშვნელოვანია ვამჩნევდეთ ადამიანებს, რომლებიც გვისმენენ.

სანამ არ გაიგებ ვინ ხარ, ვერ გაიგებ რა გინდა. თუ გინდა გაიგო ვინ ხარ, იყავი გულწრფელი.              ადამიანები ხშირად იტყუებენ თავს, ისეც ხდება, რომ არწმუნებენ კიდეც საკუთარ თავს ისეთ რამეში, რაც სინამდვილეში სრულიად სხვანაირადაა. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება საკუთარი თავის შეცნობას, აქ მნიშვნელოვანია ისეთი გულწრფელობა, როდესაც საკუთარ თავთან აღიარებასაც კი, შეიძლება დიდი წინააღმდეგობები მოჰყვეს. სწორედ ამ დროს იწყება საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარი სურვილების განსაზღვრა.

გულწრფელობა, წარმატების საწინდარია.                                                                                                          გულწრფელობა, პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. ადამიანი, როდესაც საკუთარი თავის შეცნობას იწყებს, ზუსტად მაშინ იწყება იმაზე ფიქრი, თუ რა სურს მას. სურვილი გადაიზრდება ოცნებაში, ოცნება მიზანში, მიზანი მოქმედებაში, მოქმედებას კი წარმატება მოაქვს.

როდესაც გულში სიყვარულია, გარემოებები აღარ არსებობს.                                                                                                მე მიყვარს და მე ვიცი ეს რასაც ნიშნავს. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ და რის მიმართაა სიყვარული, ამ დროს გარემოებები იმდენად უსუსური ხდება, რომ ფაქტიურად აღარ არსებობს. მათ, მნიშვნელობა სრულიად დაკარგული აქვთ, რადგან კონცენტრირება მთლიანად გადართულია სიყვარულზე და ამ სიყვარულით განცდილ სიამოვნებაზე.

შეაღე ამოუცნობი კარი, რა იცი რა გელოდება.                                                                                                                            რა გველოდება? ცხოვრება, ამოუცნობი კარებებით არის სავსე. იმდენი კარია, რომ რა სისწრაფითაც არ უნდა გავაღოთ თითოეული ერთი-მეორის მიყოლებით, მაინც ვერ ამოვწურავთ. კარს იქით ყოველთვის ახალი შეგრძნებებია, ახალი თავგადასავლები. არ არსებობს კარი, რომელიც რაიმეს არ შეგვმატებს ცხოვრებაში, ამიტომ, რატომაც არა, რა ვიცით, როგორი ბრწყინვალე და დაუვიწყარი შეგრძნებები და თავგადასავლები გველოდება კარს იქით.

თუ გინდა შექმნა მყარი გუნდი, იყავი გულწრფელი და ეძებე გულწრფელი ადამიანები.                                            მე ნამდვილად არ ვიცი, ადამიანების დიდი ნაწილი გულწრელფელები რატომ არ არიან, როდესაც გულწრფელობა ყველაზე მარტივია ცხოვრებაში. თუ დასამალი არაფერი გაქვს და თუ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ხარ, გულწრფელი რატომ არ უნდა იყო? წარმოიდგინეთ გუნდი სადაც დასამალი არ აქვს არაფერი არც ერთ გუნდის წევრს და ყველა კეთილგანწყობილია ადამიანების მიმართ… ადვილი წარმოსადგენია ხო, ამ შემთხვევაში როგორი გუნდი იქნება? სწორედ ასეთი გუნდია მყარი და ასე შექმნილი გუნდი, მუდამ მყარი იქნება.

თუ მუდმივად არ ვითარდები, ყველაფერს დაკარგავ.                                                                                            განვითარება უწყვეტი აუცილებლობაა. მაგალითად, ფიზიკურად, რომ ვიყოთ ფორმაში, ან თუ სპორცმენი ვართ მითუმეტეს, მუდმივი ვარჯიშით ვინარჩუნებთ ან ვავითარებთ სხეულს და აუცილებელ ტექნიკებს. თუ შევწყვეტთ ვარჯიშს, ფიზიკური შესაძლებლობები დაგვიქვეითდება და ტექნიკები დავიწყებას მიეცემა. ანალოგიურად ემართება გონებას, მასაც მუდმივი ვარჯიში და განვითარება უწყობს ხელს, რომ მუდამ ფორმაში იყოს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გუნდის შემთხვევაში თუ შევადარებთ ერთმანეთს, ვინც წყვეტს განვითარებას, ფიზიკური აქტივობის გუნდი იქნება ეს თუ გონებრივი აქტივობის, ის ადამიანი ეტაპობრივად და ძალაუნებურად გაერიყება გუნდს.

ცხოვრება ხანმოკლეა, შევქმნათ ბევრი ბედნიერების წუთები.                                                                                        გაგვიგია, რომ ბედნიერება წვრილმანებისგან შედგება და მე სრულიად ვეთანხმები, რადგან მე წვრილმანები მაბედნიერებს. წვრილმანები კი პატარა დროის ეპიზოდებში ანუ წუთებში და წამებში წარმოიშობა. ამიტომ არ უნდა დაველოდოთ ერთ დიდ ბედნიერებას, პირიქით პატარ-პატარა ბედნიერებებით, რომლებიც ყოველ წამს შეგვიძლია, რომ წარმოვქმნათ საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის, იქმნება ერთი დიდი და ბედნიერი ცხოვრება.

სადაც არ უნდა მოღვაწეობდე, საქმეს მოეკიდე გულით, თუ გულით ვერ ეკიდები დაანებე თავი და იპოვე შენი გულის საქმე.                                                                                                                                                                                რატომ უნდა ვაკეთოთ ის რაც გულს არ ახარებს? დღეს ხომ ყველაფერი შესაძლებელია შეზღუდვების გარეშე. შეიძლება გულით მოვეკიდოთ საქმეს, რომელიც არ მოგვწონს, მაგრამ უფრო სასიამოვნოა, როდესაც საქმე მოგვწონს და ისე ვაკეთებთ. დავფიქრდეთ, ღირს დროის კარგვა და ცხოვრების ძვირფასი წუთების დახარჯვა საქმეზე, რომელიც გულს არ ახარებს და ყოველდღიურად ვინიშნავთ დროს, დაწყების და დამთავრების? არა მგონია, რომ ვინმეს ეს პროცესი სიამოვნებდეს. ამიტომ დაფიქრება და იმის განსაზღვრაა მნიშვნელოვანი, თუ რა გვინდა გულით. არასასურველი და მტანჯველი საქმიდან, რომელიც სიამოვნებას არ გგვრის, როგორც კი ვიგრძნობთ ამას, დაუფიქრებლად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, უკანმოუხედავად განვთავისუფლდეთ მისგან და ვეძებოთ ჩვენი გულის საქმე. ერთისგან თუ არ განვთავისუფლდებით მეორეს ვერ ვიპოვით, რადგან გონება იმდენად შეზღუდულია, რომ შესაძლებლობებს ვეღარ აფასებს. როდესაც განვთავისუფლდებით, მაშინ იწყება შესაძლებლობების ძიება და აღმოჩენები საკუთარ თავში.

ნებისმიერ სფეროში საქმე აკეთე ხარისხიანად, თუ ვერ აკეთებ, ისწავლე, თუ ვერ სწავლობ, შეეშვი და ისეთი საქმე მოძებნე, რომელის ხარისხიანად გაკეთების სურვილიც გექნება.                                                                        ცოდნა და ხარისხი განუყოფელია ერთმანეთისგან. თუ ცოდნა არ გვაქვს ვერც ხარისხიანად ვერ გავაკეთებთ. თუ სწავლის სურვილი არ გვაქვს, ესეიგი არ მოგვწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. ადამიანების უმეტესობას უძნელდება ისეთი საქმის პოვნა, რომელსაც სიამოვნებით შეისწავლიდა და ხარისხიანად გააკეთებდა. გზა რა თქმა უნდა რთულია, სანამ ვიპოვით მიმართულებას, მაგრამ, როდესაც ვიპოვით, ყველაფერი თავის ადგილას დგება, სიამოვნებით ვითვისებთ მას და ხარისხიანად ვაკეთებთ.

გუნდი აუცილებლად დაიშლება, თუ ხათრით არიან გუნდის წევრები.                                                                      ხათრით გაკეთებული ყველაფერი დროებითია. თუ შინაგანი განწყობა არ ახლავს თან. გუნდი მაშინ არის ძლიერი და შეკრული, როდესაც ყოველგვარი ხათრის გარეშე, მხოლოდ გულწრფელი ურთიერთობის სურვილით არიან განმსჭვალულები.

თუ ვერ გიგებენ გაერიდე და ეძებე შენნაირები.                                                                                                                           თუ გარემოცვა ვერ გვიგებს, ესეიგი არასწორი გზით გვივლია. შეცდომები დაგვიშვია. დადგა დრო, რომ გამოვასწოროთ შეცდომები და ახალი ადამიანები ვეძებოთ.

 

გიორგი მინდორაშვილი

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ