ჰენრიკ  ედბერგი: 41 წესი ცხოვრების გასამარტივებლად

ჰენრიკ ედბერგი: 41 წესი ცხოვრების გასამარტივებლად

The Positivity Blog-ის ავტორმა ჰენრიკ ედბერგმა (Henrik Edberg) ერთ სიაში გააერთიანა წესები, რომელიც მისი აზრით, ცხოვრებას ამარტივებს და მას მართლაც სრულყოფილად აქცევს:

1. სცადეთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო რაღაცეები, მაგალითად, თუ ბევრ ხორცს მიირთმევდით, დროა უარი თქვათ მასზე თუნდაც ცოტა ხნის განმავლობაში; გიყვართ კამათი? – შეეცადეთ გაჩუმდეთ; გვიან იღვიძებდით? – ადექით ადრე და ა.შ. აქციეთ ეს პატარა ექსპერიმენტები თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად, რაც გახდება ერთგვარი მიზეზი „კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად“. ერთის მხრივ, ეს საინტერესოა, ხოლო მეორეს მხრივ, თქვენს ცხოვრებაში მორიგი მნიშვნელოვანი ცვლილების მომენტში, კომფორტის ზონიდან გამოსვლა დიდად საგრძნობი არ იქნება.
2. გაიღვიძეთ 20 წუთით ადრე. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ეტაპობრივად, თითო 20-20 წუთით, შედეგად დროთა განმავლობაში მშვიდად გაიღვიძებთ 1 საათით ადრე და ამასთან, მოასწრებთ ბევრ საინტერესო საქმეს, რომლისთვისაც აქამდე ვერ იცლიდით. თუ ჯერ არ დაგიწყიათ ამ მეთოდის გამოყენება, არაჩვეულებრივი საშუალება გეძლევათ ჩართოთ აღნიშნული პუნქტი თქვენს ცხოვრებაში.
3. ყველა შეხვედრასა თუ თათბირზე მიდით 10 წუთით ადრე. თუ ადრე გახვალთ არ ინერვიულებთ, რომ დააგვიანებთ და კოლეგებს ალოდინებთ. ამასთან, რაში გჭირდებათ ზედმეტი სტრესი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ? ხოლო მეორეს მხრივ, თუ ცოტა ადრე მიხვალთ, შეგიძლიათ კიდევ მოემზადოთ და გადამოწმოთ, ხომ არაფერი დაგავიწყდათ.
4. ერთი ამოცანა. ჩვენს ტვინს არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ამოცანის მხარდაჭერა, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვიწევს ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვა. როცა ვმუშაობთ მხოლოდ ერთ საქმეზე, ჩვენ ვაკეთებთ მას უფრო ხარისხიანად და კონცენტრირებულად, არაფერზე ვცდებით.

5. ჰკითხეთ თქვენს თავს: ვცდილობ თუ არა მომხდარის გართულებას? გააანალიზეთ სიტუაცია. თუ დაინახავთ, რომ თქვენი ქმედებით ყველაფერს კიდევ უფრო ართულებთ, დაფიქრდით როგორ დაყოთ იგი მარტივ შემადგენელ ნაწილებად და გადაჭრათ პრობლემა.
6. ჰკითხეთ თქვენს თავს: ეს ყველაფერი იქნება მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ? ვიდრე ბუზს სპილოდ გადააქცევთ დაფიქრდით, ეს სიტუაცია 5 წლის შემდეგაც მნიშვნელოვანი იქნება? და 5 კვირის შემდეგ?
7. შესყიდვები განახორციელეთ მხოლოდ იმ თანხებით, რომელიც თქვენ გამოიმუშავეთ ან დააგროვეთ. ვიდრე რაიმე ძვირადღირებულს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით და გახსოვდეთ, „ყიდვა მოიფიქრეთ იმდენი დღის განმავლობაში, რამდენი ასეულიც არის მის ღირებულებაში“. ეს დაგეხმარებათ გააკეთოთ კეთილგონიერი შენაძენი და დაიცვათ თავი სულელური კრედიტებისგან.
8. ისწავლეთ რამდენიმე რეცეპტი და ხშირად მოამზადეთ სახლში. ასე თქვენ დაზოგავთ თანხებს და მიიღებთ უფრო ჯანსაღ საკვებს (რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ჯანსაღ საკვებს მოამზადებთ).
9. შეეცადეთ მოამზადოთ მეტი, ვიდრე შეჭამთ. ეს დროს დაგიზოგავთ, რადგან შემდეგ ჯერზე დაგჭირდებათ მხოლოდ შეათბოთ უკვე მომზადებული. და რა თქმა უნდა, ჭურჭლის რეცხვა ხშირად არ დაგჭირდებათ.
გულწრფელად გეტყვით, რომ დიდად არ მიყვარს ხელმეორედ გაცხელებული კერძის ჭამა, მაგრამ რთულ პერიოდში ეს ძალიან ეხმარება. ამასთან, გაქვთ კერძი, რომელიც მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია (ზოგიერთი წვნიანი მაგალითად).

10. ჩაიწერეთ. ადამიანის გონება მაინც და მაინც საიმედო ინსტრუმენტი არ არის. ამიტომ აწარმოეთ საქმის, საყიდლების, შეხვედრებისა და ა.შ. ჩანაწერები. ასევე შეეცადეთ გამოყოთ 4 პრიორიტეტული მიზანი მიმდინარე წლისათვის და პერიოდულად გადახედეთ მათ, რათა არ გადაუხვიოთ არჩეულ მიმართულებას.
11. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება გაცილებით ფართოა, ვიდრე თქვენ გგონიათ. თქვენ ყველაფერი არ იცით და ზოგჯერ ცდებით კიდეც. ეს დაგეხმარებათ მოთმინებით მოისმინოთ სხვა მოსაზრება და მიიღოთ იგი, შეცვალოთ საკუთარი თავი და ყოველთვის იყოთ ღია ცოდნისა და შესაძლებლობების მიმართ.
12. გარისკეთ, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. შემდეგ ისწავლეთ მათზე, გაითავისეთ გაკვეთილები, რომელთაც ცხოვრება გასწავლით და მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით თამამად მოკიდეთ ხელი ახალ იდეებს.
13. აკეთეთ ის, რაც მართლა ძალიან, ძალიან მოგწონთ. ნუ იცხოვრებთ სხვისი ოცნებებითა და სურვილებით.
14. შეეცადეთ პროდუქტები შეიძინოთ მთელი კვირისთვის. ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ არამხოლოდ ფული, არამედ დროც.

15. საყიდლებზე წადით მაშინ, როცა გამაძღარი იქნებით. იმისთვის, რომ წახვიდეთ მაღაზიაში და იყიდოთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ ყველაზე მართებულია წახვიდეთ მაშინ, როცა არ გშიათ. ასეთ დროს არ გექნებათ ცდუნება რომ კიდევ იყიდოთ რამე და სალაროსთან არასოდეს გაგექცევათ ხელი შოკოლადისა და ორცხობილებისკენ, რომლებიც ასე მომხიბლავად არის ჩამწკრივებული ბოლო საზღვართან 
16. დატკბით პატარა სიხარულით. ლამაზი დაისი; აყვავებული ხეები ფანჯარასთან ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ; ტორტის ბოლო, ყველაზე ტკბილი ნაჭერი. ისწავლეთ დაიტკბოთ ცხოვრება მცირე ულუფებით და იპოვოთ სასიამოვნო მომენტები სამყაროში თქვენს ირგვლივ.
17. დალიეთ წყალი. როცა მოწყენილი ხართ ნაცვლად იმისა რომ ჭამოთ, უმჯობესია 1 ჭიქა წყალი დალიოთ – გათავისუფლდებით შიმშილის შეგრძნებისგან და ამასთან, ორგანიზმში შეავსებთ წყლის მარაგს.
18. მიირთვით ნელა. ნუ იჩქარებთ ისე, თითქოს ცხოვრებაში ბოლო მატარებელზე აგვიანებთ, რომელიც ნათელი და ბედნიერი მომავლისკენ მიდის. საკვები უნდა მიიღოთ კარგი განწყობით და ნელა, უნდა დატკბეთ ყველა ლუკმით. ჯერ ერთი, ასე უფრო სწრაფად დანაყრდებით, ხოლო მეორე – ეს იქნება კიდევ ერთი სასიამოვნო მომენტი, რომელიც შეავსებს თქვენი ცხოვრებით ტკბობის მოზაიკას.
19. იყავით კეთილი. იყავით კეთილი გარშემომყოფი ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით საკუთარი თავის მიმართ.

20. წერეთ მოკლე წერილები. ჩვეულებრივ საკმარისია 1-5 წინადადება.
21. წერილებს უპასუხეთ დღეში ერთხელ. გამოყავით თქვენთვის შედარებით ოპტიმალური დრო ფოსტის შესამოწმებლად და შემომავალ წერილებზე საპასუხოდ. საფოსტო ყუთის 5 წუთში ერთხელ შემოწმება გართმევთ დროს და ზრდის ნერვულ დაძაბულობას.
22. შეისწავლეთ სტრესთან ბრძოლის ახალი მეთოდები და სცადეთ ისინი. მედიტაცია, იოგა, კლასიკური მუსიკა, რამდენიმე წრე სპორტული მოედნის ირგვლივ სამუშაო დღის ბოლოს – ნებისმიერს ამ მეთოდებიდან შეუძლია მოგიხსნათ დაძაბულობა.
23. მოაწესრიგეთ თქვენი სახლი და სამუშაო ადგილი. მაშინ თქვენ სწრაფად იპოვით საჭირო ნივთებს და დაზოგავთ თქვენს დროსა და ნერვებს.
24. იცხოვრეთ „აქ და ახლა“. დატკბით ცხოვრებით, დაიჭირეთ თითოეული წამი. გააცნობიერეთ თითოეული დღე ნაცვლად იმისა, რომ თავი იმტვრიოთ მუდმივი ფიქრით იმაზე, თუ რა იქნება ხვალ.

25. დიდი დრო გაატარეთ ადამიანებთან, რომლებსაც ცხოვრება უფრო მარტივად გამოსდით. ამასთან, შეეცადეთ თავი დააღწიოთ მათ საზოგადოებას, ვინც ყველაფერს ართულებს მიზეზების გარეშე.
26. დაკავდით სპორტით ყოველდღე. თუნდაც ეს იყოს ფეხით გასეირნება ან გასეირნება სადილის დროს. ეს დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სტრესისგან, შეგმატებთ ენერგიას, დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ სხეული და განაგდოთ ნეგატიური ფიქრები.
27. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გათავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან სახლში; პროექტებისგან, რომელიც აფერხებს თქვენს განვითარებას; ცუდი აზრებისგან და ადამიანებისგან, რომლებიც წინ ეღობებიან თქვენს მიზნებს და გართმევენ ბევრ დროსა და ენერგიას მუდმივი წუწუნით ცხოვრებაზე.
28. დასვით შეკითხვები. ნუ შეგეშინდებათ ჰკითხოთ რჩევა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ასეთივე სიტუაციაში და შეძლეს მოეძებნათ გამოსავალი.
29. შეწყვიტეთ ცდა რომ ყველას მოაწონოთ თავი, იმიტომ რომ ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. ეს შეუძლებელია, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც არ მოეწონებით ამა თუ იმ მიზეზით. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ათასობით.

30. დაყავით რთული ამოცანები პატარა ამოცანებად. თუ ამოცანა რთულად გეჩვენებათ, დაყავით რამდენიმე პატარა ამოცანად და ამოხსენით თანმიმდევრულად ერთი მეორის მიყოლებით.
31. შეწყვიტეთ ყველაფრის იდეალურად კეთება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ხელჩამოშვებულმა უნდა აკეთოთ. უბრალოდ ნაცვლად იმისა, რომ ჩაეციკოთ უმცირეს დეტალებს, აკეთეთ თქვენი საქმე კარგად. პერფექციონიზმის უარყოფითი ეფექტები თქვენთვის კარგად ცნობილია – დროის, ასევე ენერგიისა და ნერვების უქმად ხარჯვა, პლუს მომატებული უკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ.
32. წუთით შეჩერდით და ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ. ღრმა სუნთქვა ადუნებს და სისხლს ჟანგბადით ამარაგებს, ასევე ეხმარება მნიშვნელოვან დეტალებზე უკეთ კონცენტრირებაში.
33. დახარჯეთ დროის 20% გადაწყვეტის მოფიქრებაში, ხოლო 80% შესრულებაში და არა პირიქით.
34. ფოკუსირდით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, ხოლო ყველაფერი არასაჭირო და მეორეხარისხოვანი მოიცილეთ. ნაცვლად იმისა, რომ ერთდროულად 10 პროექტზე იფიქროთ, მთელი თქვენი ენერგია მიმართეთ ორი-სამი მთავარი ამოცანის გადაწყვეტაზე.

35. აწარმოეთ დღიური. ჩაიწერეთ ყოველდღიურად თქვენი აზრები და მოქმედებები, ამი შემდეგ მარტივად შეგეძლებათ გამოიკვლიოთ თუ რა დაგეხმარათ გეპოვნათ საჭირო გადაწყვეტა. ჩანაწერების გადაკითხვა დაგეხმარებათ ნათლად დაინახოთ თქვენი პროგრესი და თავიდან აიცილოთ ადრე დაშვებული შეცდომები.
36. თუ თქვენი მეცადინეობა აღარ მოგწონთ, იპოვეთ რაიმე სხვა. სამყარო ჩვენს ირგვლივ იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. ის, რისგანაც ჩვენ უბრალოდ აღფრთოვანებული ვიყავით ჯერ-კიდევ გუშინ, დღეს ჩვენთვის შესაძლოა არ იყოს საინტერესო. თუკი გრძნობთ რომ ადრე თქვენთვის საყვარელ საქმეს აღარ მოაქვს სიამოვნება, დროა იფიქროთ ცვლილებებზე.
37. გამოიყენეთ მინიმალური სამუშაო ადგილი. ხელს არაფერი უნდა გიშლიდეთ, თქვენს მაგიდაზე წესრიგი და მხოლოდ ის ნივთები უნდა იყოს, რომელიც აუცილებელია მუშაობისთვის. მოუწესრიგებლობა გაცდენთ და პროდუქტულობაც ეცემა. ვფიქრობ, რომ წესრიგი უნდა იყოს არამხოლოდ სამუშაო მაგიდაზე, არამედ თქვენი კომპიუტერის დესკტოპზეც.
38. ყოველ კვირას გამოუყავით საკუთარ თავს 15 წუთი მომავალი სამუშაო კვირის დასაგეგმად. ეს დაგეხმარებათ დაამყაროთ წესრიგი თქვენს თავში, განსაზღვროთ პრიორიტეტები და სამუშაოების შესრულების რიგითობა, დასახოთ მიზნები, განეწყოთ ახალი კვირისთვის და შეამციროთ სტრესი.
39. გააუქმეთ არასაჭირო ხელმოწერები, თუნდაც ეს იყოს საკაბელო ტელევიზია უამრავი არხით, ან გაასუფთავეთ rss-ნაკადი ნაგვისგან, რომელსაც უყურებთ ჩვეულებისამებრ. აქვე შეიძლება დაამატოთ ზოგიერთი ჟურნალი და გაზეთი.
40. იკითხეთ ნაცვლად, იმისა რომ იმკითხაოთ. ჯერ ჩვენ არ შეგვიძლია სხვისი აზრების წაკითხვა, რომ გავიგოთ რაზე ფიქრობს ადამიანი, ამისთვის საჭიროა დავუსვათ მას პირდაპირი შეკითხვა. უბრალოდ ჰკითხეთ რაც გაინტერესებთ. არასწორმა ფიქრებმა შესაძლოა მიგიყვანოთ სამწუხარო შედეგებამდე. ნუ შეგეშინდებათ იკითხოთ – შეკითხვისთვის ფულს არავინ მოგთხოვთ.

41. შეიტანეთ ერთი ცვლილება ერთ ჯერზე. უარი თქვით ძველ ჩვეულებებზე (განსაკუთრებით თუ ისინი გვნებთ). ცვლილება შეიტანეთ ეტაპობრივად, მაგალითად დაიწყეთ ამ სიის პირველი წესიდან და ეტაპობრივად დანერგეთ მოცემული წესები თქვენს ცხოვრებაში, შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like