იგავი: გაიარე ბოლომდე

იგავი: გაიარე ბოლომდე

ერთ ღარიბ სოფელში ცხოვრობდა ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. ის ატარებდა თავის დღეებს უაზროდ, ერთფეროვნად, მიჰყვებოდა დინებას და არ ფიქრობდა მომავალზე, ისევე როგორც იმ სოფელში მცხოვრები სხვა დანარჩენი ადამიანები.

ერთ მშვენიერ ღამეს ბიჭს ზღვა დაესიზმრა. არც ერთმა მისმა თანასოფლელმა არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა ზღვა, ამიტომ ბიჭის ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონდა. ის დაინტერესდა თუ როგორ გამოიყურებოდა უკიდეგანო წყალი და მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო იმ ზღვის სანახავად, რომელიც მან ნახა სიზმრად. თანასოფლელებმა რათქმაუნდა დასცინეს და შუბლთან თითი დაუტრიალეს, თუმცა ბიჭი მაინც დაადგა გზას.

ბევრი იარა და მიადგა გზაჯვარედინს. აირჩია გზა, რომელიც მიდიოდა პირდაპირ და რამდენიმე დღეში მოხვდა დასახლებაში, სადაც ცხოვრობდა ყველანაირად უზრუნველყოფილი ხალხი მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრებით. ამ ხალხმა გადაათქმევინა ბიჭს ზღვის ძიება. ურჩიეს დარჩენილიყო მათთან და ეცხოვრა ისევე ბედნიერად, როგორც ცხოვრობდნენ ისინი. ბიჭმა დაუჯერა ხალხს და რამდენიმე წელი ბედნიერად ცხოვრობდა დასახლებაში. მაგრამ ერთხელ ისევ დაესიზმრა ზღვა. მას გაახსენდა თავისი აუხდენელი ოცნება, აიკრა გუდა-ნაბადი და წავიდა ისევ ზღვის საძებნელად. დაბრუნდა უკან გზაჯვარედინთან და ამჯერად წავიდა სხვა მიმართულებით.

მიდიოდა დიდხანს მანამ, სანამ არ მიადგა ერთ დიდ ქალაქს. ქალაქი დუღდა და თვალს ჭრიდა თავისი მრავალფეროვნებით. ბიჭი აქ დარჩა საცხოვრებლად, სწავლობდა, მუშაობდა ერთობოდა მანამ, სანამ ისევ არ დაესიზმრა უკიდეგანო ზღვა და არ გაახსენა თავისი ოცნება.

ბიჭი კვლავ დაბრუნდა გზაჯვარედინთან და აირჩია მესამე გზა, რომელმაც მიიყვანა ის ტყეში. იქ ერთი პატარა ხის ქოხი იყო ჩადგმული, საიდანაც ულამაზესი ასული გამოვიდა. შეუყვარდა კაცს ქალი და დარჩა მასთან. ბევრი წელი ცხოვრობდნენ ბედნიერად, გაზარდეს შვილები, მაგრამ ერთ ღამეს მან კვლავ ნახა სიზმრად თავისი ოცნება და იფიქრა: ისე თუ მოვკვდები რომ ჩემი ოცნება არ ავისრულე, გამოდის ტყუილად მიცხოვრიაო. დაადგა ისევ გზას გზაჯვარედინამდე, იქ კი აირჩია ბოლო გზა, რომელიც მიდიოდა სულ მაღლა და იყო ქვიანი. ძლივს მიიწევდა ძალაგამოლეული კაცი წინ და ცდილობდა როგორმე მიეღწია ბოლომდე.

ბოლოს აღმოჩნდა დიდ კლდეზე. მოხუცმა გადაწყვიტა გადმოეხდა იქედან და სიკვდილის წინ მაინც დაენახა თავისი საოცნებო ზღვა. მის წინ გაიხსნა საკვირველი სანახაობა: დაინახა კარგად ნაცნობი გზაჯვარედინი, დაინახა დიდი ქალაქი, სადაც ცხოვრობდა დიდხანს, ასევე დაინახა დასახლება ნაცნობ ბედნიერ ხალხთან ერთად და დაინახა ქოხი, სადაც გაატარა ბევრი ბედნიერი წელი, და ამ ყველაფრის უკან იყო თავისი საოცნებო, უკიდეგანო, ლურჯი ზღვა.

მოხუცის თვალები ცრემლებით აივსო და მანამ სანამ მისი გული გაჩერდებოდა, ის მშვენივრად მიხვდა რომ ყველა გზა, რომლითაც მას ოდესმე უვლია, საბოლოოდ მიდიოდა ზღვამდე, უბრალოდ მან ვერასდროს ვერ გაიარა ეს გზები ბოლომდე. ის ყოველთვის მიდიოდა შუამდე და ბრუნდებოდა უკან.

Print Friendly, PDF & Email

About author

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

<p>სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი<br /> პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.<br /> არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული</p>

View all posts by this author →

You might also like