ბარათით გაგზავნილი პოზიტივი

ბარათით გაგზავნილი პოზიტივი

დილით ძალიან ადრიანად, როდესაც სამსახურში მივიჩქაროდი ბაგა – ბაღის ფანჯარაში, ბაღის აღმზრდელს მოვკარი თვალი, რომელიც პირველი მისულიყო სამსახურში და ფანჯარასთან იდგა. მოწყენილი მომეჩვენა, სახე ფანჯრის მინაზე ჰქონდა მიბჯენილი და წვიმის წვეთებს უყურებდა. რატომღაც მე გავიფიქრე, რომ ცხოვრებაზე ფიქრობდა და წვიმის წვეთები უსველებდა სახეს. მე გზა გავაგრძელე, სამსახურში მივედი და მთელი დღის ფიქრის შემდეგ, აღმზრდელს ბარათი მივწერე. მე ამ ადამიანს ვიცნობ, ვიცი, ბავშვებს ძალიან უყვართ ის. მისი სიყვარულის გამო დადიან კიდევაც ბაღში, მინახავს როგორ ეკვრიან კალთაზე და ისიც გულში იხუტებს პატარებს. არაფერია იმაზე მეტი, როდესაც მომავალი თაობის აღზრდას უთმობ დროს და იმ საქმეს აკეთებ, რომელსაც სიყვარული მოაქვს შენთვის. ბავშვები, ეს პატარა ადამიანები, ასე ადვილად როდი შეიყვარებენ ვინმეს. მთელი გული უნდა მიუძღვნა მათ, რომ სიყვარული მოიპოვო.
ბარათშიც იგივეს ვწერდი. გულწრფელად ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზი იყო, როდესაც ფანჯარასთან იდგა. წვიმიან ამინდს აფერადებდა. რომ დღეს ყველას არ შეუძლია გაალამაზოს პეიზაჟები, რომელიც სამყაროში ყოველ დღე იცვლება. მე მას მადლობა გადავუხადე იმის გამო, რომ ბავშვებს უანგარო სიყვარულს ჩუქნის. არასდროს ანსხვავებს ერთმანეთისგან მათ. ზრუნავს მათზე და იმ პატარას, რომლის დედასაც სამსახურიდან აგვიანდება მოსვლა ყოველთვის კალთაში ისვამს.
სამყარო ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საყვარელ საქმეს ემსახურები, როდესაც მთელ გულს უძღვნი მას და შენი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება. ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამას დაინახავს და დააფასებს. მოვა და უბრალოდ მადლობას გეტყვის ამის გამო. ზოგჯერ უბრალო სამადლობელი სიტყვები კი ყველაფერს ცვლის. პოზიტივით ივსები და ენერგიულად აგრძელებ გზას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 55 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ