7 რჩევა, რომლებიც საკუთარი თავის პოვნასა და ბედნიერების მიღწევაში გვეხმარება

7 რჩევა, რომლებიც საკუთარი თავის პოვნასა და ბედნიერების მიღწევაში გვეხმარება

როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება? როგორ დავეხმაროთ ჩვენს თავს რეალიზებაში? როგორ მოვძებნოთ საკუთარი ადგილი სამყაროში და არ დავიბნეთ ინფორმაციით სავსე თანამედროვე გარემოში ორიენტირებისას? ამ შეკითხვებზე პასუხები ალბათ ხშირად გიძებნიათ. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანზე პასუხებს მიაგენით კიდეც. ამჯერად გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ თქვენთვის აქტუალურ შეკითხვებზე და დაგეხმარებათ ახალი პასუხების პოვნაში.

  1. სამი შეკითხვა. დასვით სამი შეკითხვა:  სად ვარ? ვინ ვარ? სად მინდა ვიყო? ამ შეკითხვაზე პასუხების ძებნა ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გააანალიზოს, რა გარემოში დაიბადა. დასვას კითხვა, რატომ, მაინც და მაინც, აქ და ამ დროს? რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მის არსებობას და ასე შემდეგ. ეს საინტერესო მოგზაურობა საკუთარ ისტორიაში, რელიგიაში, კულტურასა თუ ტრადიციებში თავიდან ცოტა დამაბნეველია. მაგრამ დროთა განმავლობაში თავისთავად იკვეთება პასუხი უკვე შემდეგ შეკითხვაზე – ვინ ვარ მე? ამ ყველაფრის ანალიზის შემდეგ ვხვდებით ვინ ვართ,  რა გვინდა და საით მივდივართ ( ან საით უნდა წავიდეთ) ბევრ თქვენგანს ალბათ უკვე დაუსვამს კიდეც ეს შეკითხვები, თუმცა მეეჭვება ვინმემ ამტკიცოს, რომ მათზე პასუხის გაცემა მარტივია და მოკლე დროშია შესაძლებელი.
  2. იდუმალი კავშირები. ძალიან სასარგებლოა, იდუმალი კავშირების დანახვა სხვადასხვა მოვლენებს, ფაქტებსა თუ ადამიანებს შორის. ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს მინიშნებებს და შესაძლებლობებს, მთავარი მათი შემჩნევაა. დააკვირდით თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ადამიენბს. ზოგჯერ ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ ადგილზე შეხვდით, ძალიან ბევრის მთქმელია. უბრალოდ, ”ჩართეთ” ანალიტიკური აზროვნება და ნუ ”გამორთავთ” მას ძილამდე. რატომ ვუყურებთ მაინცდამაინც ამ ფილმს ახლა და რატომ ვუსმენთ მაინცდამაინც ამ მუსიკას დღეს? რატომ შევარჩიეთ ეს საჩუქარი სწორედ ამ მეგობრისთვის ან რატომ შევეფეთეთ, შემთხვევით, 10 წლის უნახავ ადამიანს მაინცდამაინც ამ დროს და აქ? რატომ მოხდა ესა თუ ის მნიშვნელოვანი ფაქტი კონკრეტულ წელს, დღეს და დროს?  ამ ყველაფრის ანალიზმა მთელი ჩვენი აზროვნება რა თქმა უნდა, არ უნდა გადაფაროს. ეს უბრალოდ, ძალიან დამღლელი და არც ისე სასურველი შედეგების მომტანი იქნება. მაგრამ თუ მსგავსი აზროვნება სადღაც, გონების რაღაც ნაწილში მუდმივად იმუშავებს, ძალიან საინტერესო აღმოჩენების გაკეთებაში დაეხმარება ჩვენს ტვინს.
  3. გადამოწმება. ნურასოდეს ნურაფერს დაიჯერებთ გადამოწმებისა და გაანალიზების გარეშე. ეს ეხება როგორც ვინმეს ცხოვრების პირად დეტალებს, ასევე ნებისმიერ ამბავს და ფაქტს. ბანალური გამოთქმაა, მაგრამ ყველას თავისი სიმართლე აქვს და შესაძლოა, ცრუ ინფორმაციის გადმომცემი თავად ვერც კი აცნობიერებდეს, რომ თქვენ შეცდომაში შეყავხართ. არა და, ალბათ უამრავი მაგალითი გახსენდებათ, საკუთარი ცხოვრებიდან, რა შედეგები მოაქვს, როდესაც ცრუ ინფორმაციის საფუძველზე იწყებთ მოქმედებას. რაც უნდა სამწუხარო იყოს, ასეთი მოქმედების შედეგები ჩვენთვისაც არანაკლებ მტკივნეულია ხოლმე. ვაზარალებთ სხვებს და ვზარალდებით თვითონაც.
  4. შეკითხვა ”რატომ”. ამ შეკითხვას ჯადოსნური ძალა აქვს და სხვის ადგილას საკუთარი თავის დაყენების შესაძლებლობასაც გაძლევთ. რატომ მოხდა ეს? რატომ თქვა მან ეს? რატომ გააკეთა მან ეს? . ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე პოტენციური მიზეზია, რაც იმ ფაქტს უძღვოდა წინ, რომელთან დაკავშირებითაც ამ შეკითხვას ვსვამთ. მიზეზების პოვნა კი ყოველთვის გვეხმარება პირადი ურთიერთობის, ჩვენი მიზნების და ჩვენზე დამოკიდებული მოქმედებების სწორად წარმართვაში.
  5. რა შემიძლია? ეს შეკითხვა  პირველ პუნქტს უკავშირდება. როცა საკუთარი თავის გამორკვევის ეტაპზე ვართ, ეს შეკითხვა პირველად  მაშინ ჩნდება. მაგრამ დროთა განმავლობაში, ჩვენი შესაძლებლობები იცვლება: ჩვენ ვსწავლობთ, ვვითარდებით, ვიღებთ გამოცდილებას. ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი ხდება. ამ შეკითხვის საკუთარი თავისთვის ხშირად დასმა ძალიან სასარგებლოა და მასზე პასუხების ძიება დაგვეხმარება არ დავისახოთ მიზნები, რომლების მიღწევაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. და აი, მივედით მიზნებამდე…
  6. მიზნის დასახვა. ეს არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე საინტერესო ნაწილი. ალბათ ყველაზე ბედნიერი მაშინ არის ადამიანი, როცა ისახავს მიზანს, იბრძვის მის მისაღწევად და შემდეგ ტკბება მიღწეულით. მიზნისკენ სწრაფვა – ეს არის ადამიანური ყოფის ყველაზე საინტერესო ხაზი. ის ხაზი, რომელიც ხშირად, ცხოვრების აზრადაც იქცევა. არსებობს ერთი მთავარი მიზანი, ხოლო დანარჩენი პატარ-პატარა, მთავარი მიზნისკენ მიმავალი ”მიზნუკებია”. ყველაზე საინტერესო ამ ”მიზნუკების” მიღწევისთვის განვითარებული პროცესია.
  7. ყველა რაკურსით. ეს, მოკლედ და მარტივად რომ ითქვას, მოვლენებისა თუ ფაქტების მიმართ ცალსახა დამოკიდებულების საპირისპიროა. როდესაც რაღაცას ყველა რაკურსით აკვირდებით, თქვენ საშუალება გაქვთ მასში ყველა არსებული მხარე დაინახოთ. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია, რომ თქვენ სტერეოტიპებით იაზროვნოთ, ვიღაცას ცალსახად ბოროტი, კარგი ან იდეალური უწოდოთ. ან რაღაც ცალსახად ტრაგიკულად აღიქვათ. ჩვენ ხომ აღარ ვართ ბავშვები, რომლებიც ზღაპრების სამყაროში ცხოვრობენ, სადაც დევი საშიშია, ფერია კეთილი, ჯადოქარი ბოროტი, მზეთუნახავი კი ულამაზესი? ეს ყველაფერი ის საკენკია, რომელიც წიწილობის პერიოდში დაგვიყარეს, რომ ზღვარის გავლება გვესწავლა, კარგი და ცუდი ერთმანეთისგან გაგვერჩია და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის საფუძველი შეგვქმნოდა. დასკვნების გამოტანის დროს აჩქარება არასწორია. ერთი შეხედვით უარყოფით მოვლენებში ხშირად, ბევრი სიკეთეა. ერთი შეხედვით დიდ ტრაგედიებს, ზოგჯერ საოცარი შედეგები მოაქვს, ერთი შეხედვით ცუდი ადამიანები კი, რეალურად, უამარავ საინტერესო და დასაფასებელ თვისებას ფლობენ. თქვენი მხრიდან სწორი რაკურსის შერჩევა კი უკვე თქვენს ინდივიდუალიზმსა და ინტელექტს გამოხატავს.
Print Friendly, PDF & Email

About author

თამარ კორკოტაშვილი
თამარ კორკოტაშვილი 1 posts

<p>ჟურნალისტი, მაგისტრი კულტურის მენეჯმენტში. სხვადასხვა პროფესიულ საიტებზე სტატიებისა და სატელევიზიო სიუჟეტების ავტორი.</p>

View all posts by this author →

You might also like