6 მარტივი და ეფექტური ხერხი პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის
2427 Views

6 მარტივი და ეფექტური ხერხი პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის

შეყვარებული წყვილისთვის ადვილია აღფრთოვანებული განწყობით იყვნენ ერთმანეთის მიმართ. მათ არ აქვთ ფუნქციები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები ერთმანეთის და ოჯახის მიმართ. არ აქვთ საზრუნავი და ოჯახური კრიზისული მომენტები (ფინანსური პრობლემები, ჯანმრთელობის მოგვარების საკითხი, ბავშვების განათლებასა თუ განვითარებაზე ზრუნვა, დროის გადანაწილება და ა.შ.). ამიტომ ეს სტატია მათ არ ეხებათ. მათ ისედაც მშვენივრად იციან როგორ მოიქცნენ.
სტატიაში იმ წყვილებზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომელთაც გულმავიწყობის ან უენერგიობის გამო ერთმანეთი დაუკარგავთ ან ასე ვთქვათ, ერთმანეთი მობეზრებიათ. გაგაცნობთ რამოდენიმე მარტივ მეთოდს აღფრთოვანების შეგრძნების დასაბრუნებლად:

გაუღიმეთ ერთმანეთს – თუნდაც არ გქონდეთ ღიმილის განწყობა ან მიზეზი. უბრალოდ გაუღიმეთ თქვენს პარტნიორს. ღიმილზე ადამიანები, როგორც წესი ღიმილითვე პასუხობენ. ამასთან ეს პოზიტიურ განწყობას გადასდებს თქვენს მეწყვილეს და ეს პოზიტივი თქვენთან იქნება ასოცირებული.

თავიდან შესაძლოა ღიმილი არაბუნებრივად ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ ისწავლით გულით გაღიმებას, რაც მოუმატებს ზემოთ ნახსენებ ეფექტს. არ დაგავიწყდეთ ბავშვებს დაბადებიდანვე აქვთ ჩადებული ინსტიქტი – ღიმილით დაიმსახურონ კეთილგანწყობა. რატომ უნდა დაივიწყოთ ასეთი გენიალურად მარტივი მეთოდი ზრდასრულ ასაკში?

შეინარჩუნეთ თვალით კონტაქტი – მიჯაჭვულობის თეორიიდან თუ გამოვალთ მზრუნველსა და ბავშვს შორის მიჯაჭვულობა სწორედ თვალის კონტაქტით ყალიბდება. ეს ძირითადად ბავშვის გამოკვებისას ხდება. ის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არაერთი პატერნია იმისათვის, რომ ბავშვი გენდოთ და სამყაროს მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდეს.

ისევ ჩნდება კითხვა – რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს გენიალური საშუალება ზრდასრულ ასაკში კომუნიკაციისას. თვალით კონტაქტი აღრმავებს ურთიერთობას და აყალიბებს პატივისცემასა და ნდობას. თუ დააფიქსირებთ, რომ თქვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა და „რაღაც ისე ვეღარ არის“, როგორც ადრე იყო. ამასთან ამის რეალური მიზეზი ვერ გიპოვნიათ, დაუკვირდით თვალით კონტაქტს. ყურადღება მიაქციეთ რამდენად უყურებთ თქვენს პარტნიორს თვალებში კომუნიკაციის დროს: საუბრისას, მოფერებისას, საალერსო სიტყვების თქმის დროს და ა.შ.

უთხარით კომპლიმენტები – არ აქვს მნიშვნელობა სქესს, კომპლიმენტი ყველას სიამოვნებს. განსაკუთრებით პარტნიორის მხრიდან. თუკი თქვენ მისგან ამას არ იღებთ, ნუ დაიბოღმებით. იყავით პირველი. გაუკეთეთ სასიამოვნო და რაც მთავარია რეალური და გულიდან წამოსული კომპლიმენტი თქვენს პარტნიორს. არ არის აუცილებელი ეს დღეში რამოდენიმეჯერ გააკეთოთ. ერთმა გულწრფელმა კომპლიმენტმა შესაძლოა მთელი კვირა იტრიალოს მის გონებაში და მიანიჭოს ბედნიერება თქვენს პარტნიორს. ეს ბედნიერება კი თქვენთან იქნება ასოცირებული. ამასთან თქვენ იქნებით მაგალითი და სტიმული მისთვის, რომ მანაც იგივე ჟესტით გიპასუხოთ.
შეაქეთ ის სხვების თანდასწრებით – არ გეგონოთ, რომ აქ თქვენი პარტნიორის პატივმოყვარეობას უსვამთ თავზე ხელს. არა. სხვების თანდასწრებით გამოთქმული თქვენი კმაყოფილება და მისით აღფრთოვანება მეტად დამაჯერებელია, ვიდრე ამის პირისპირ თქმა. ეს კომპლიმენტსაც ეხება. ამით მას თავდაჯერებულობასაც შემატებთ და საკუთარი თავის ღირებულებასაც გაუზრდით, რაც ისევ თქვენს ურთიერთობაზე აისახება დადებითად.

ჩაეხუტეთ – თუ თქვენ რამდენიმე წელია ცოლ–ქმარი ხართ და უამრავი საზრუნავი გაქვთ, შესაძლოა გავიწყდებათ ერთიანობის შეგრძნების ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური ხერხი. ფსიქოსომატურ თეორიას თუ მივყვებით, სხეულმა იცის ყველა ის განცდა და ემოცია რაც თქვენშია თავმოყრილი. ჩახუტებით თქვენ სხეულის საშუალებით ესაუბრებით თქვენს პარტნიორს და მეტად ხდება თანაგრძნობა.

ამასთან როგორც ცნობილია,ჩახუტების დროს, ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონი – ენდორფინი. ასევე სიმშვიდის ჰორმონი – ოქსიტოცინი. ეს ორივე ჰორმონი ერთად ებრძვის ნეგატიურ ემოციებსა და სულიერი ტკივილის შეგრძნებას.

გაარკვიეთ რა ანიჭებს სიამოვნებას – თუ წლებია ურთიერთობთ ალბათ ამაზე პასუხი არ გაგიჭირდებათ. ან ვინ იცის. შესაძლოა ერთი წლის დაქორწინებულმა მეწყვილემ მეტი იცოდეს, ვიდრე თქვენ. რისთვის არის ამის ცოდნა საჭირო? მაგალითად – თუ თქვენს პარტნიორს სიამოვნებს ყავის მირთმევა, გააკეთეთ ეს მისთვის. მერე რა რომ თავადაც შეუძლია მოიმზადოს. ან თუ იცით, რომ ძალიან უყვარს მარწყვის ნაყინი, დაახვედრეთ ის მაცივარში.

აქ საუბარია ძალიან მარტივად შესასრულებელ საქმეზე. არ არის აუცილებელი ციდან ვარსკვლავების მოწყვეტა. ეს შეიძლება მხოლოდ ერთხელ გამოგივიდეთ. (?) აირჩიეთ თუნდაც ერთი მომენტი, რითაც თქვენს მეუღლეს ასიამოვნებთ და გააკეთეთ ეს მისთვის. რას იგრძნობს თქვენი პარტნიორი? – მზრუნველობას, კომფორტს და გაფრთხილებას თქვენი მხრიდან. როგორ ფიქრობთ რითი შეიძლება გიპასუხოთ ამაზე?

როგორც ხედავთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მისთვის პოზიტიური ელფერის მისაცემად ძალიან მარტივი ხერხები არსებობს. რა თქმა უნდა ეს არ არის სრული ჩამონათვალი, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ პარტნიორთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ.

სტატიის წაკითხვის შემდეგ ნუ გაიფიქრებთ – „ეს ხომ ისედაც ვიცოდი, ვითომ რა ვისწავლე ახალი?“ დაფიქრდით – ასრულებთ ამ ყველაფერს? თუ არა, ნუ შეუშინდებით. თავიდან შესაძლოა არ გამოგივიდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.
როგორ არის? ყოველივე გენიალური მარტივია. ასეა. ასე რომ, გისურვებთ ჰარმონიულ ურთიერთობას.

Print Friendly, PDF & Email

About author

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი.

საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი,
“დანტე ალიგიერის საზოგადოება”
/ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/

კონტაქტი: 557 944 390

View all posts by this author →

You might also like