11 ახალგაზრდა მილიონერი

11 ახალგაზრდა მილიონერი

ფრეიზერ დოერტი (Frazer Doherty)
2002 წელს 14 წლის ფრეიზერ დოერტიმ თავისი მშობლების სახლში, ედინბურგში ჯემების მომზადება დაიწყო. 16 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება და მთლიანად ამ საქმით დაკავდა. 2009 წელს SuperJam-ის შემოსავალმა 1.2 მლნ დოლარი შეადგინა. ამ დროისათვის დოერტი ერთადერთი შტატიანი თანამშრომელია იმ კომპანიის, რომლის ღირებულებაც, მოგებიდან გამომდინარე, 1-2 მლნ დოლარს შეადგენს.

ჯეისონ ბრაიანი (Jason Brian)
სკოლის დამთავრების შემდეგ, 2008 წლის ზაფხულში ჯეისონ ბრაიანმა მუშაობა დაიწყო ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში, ფლორიდაში. მან იცოდა, რომ მარკეტინგის მომავალი ინტერნეტშია. „აღმოვაჩინე რომ ონლაინში რეკლამის ყიდვითა და საძიებო სისტემაში ძებნის ოპტიმიზაციით ნახევარ ფასად შემეძლო გამეზარდა რეზულტატი“, იხსენებს ბრაიანი. სამი წლის შემდეგ, როცა იგი 21 წლის გახდა, თავისი დანაზოგიდან „10 000 დოლარზე ნაკლები“ დახარჯა იმ ვებ-გვერდის შექმნაზე, რომელიც მომხმარებელს მანქანების მოძიებაში ეხმარებოდა. Autocricket.com-მა თანხის გამომუშავება დაიწყო მანქანით მოვაჭრეებისა და მწარმოებლებისათვის კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიყიდვით. საიტის ამუშავებიდან ექვსი თვის შემდეგ, მან ინვესტორების ყურადღება მიიპყრო, რომელთაც საქმეში 250 000 დოლარი ჩადეს. 2009 წელს მოგებამ 1.2 მლნ, ხოლო 2010 წელს 6 მლნ შეადგინა.

იან პურკაიასტხა (Ian Purkayastha)
პურკაიასტხა ჰიუსტონში გაიზარდა, სადაც ბავშვობაში, მისი მშობლების სახლთან მდებარე ტყეში ხშირად აგროვებდა სოკოს. 15 წლის ასაკში მან სოკოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახეობის ტრუფელის (ლათ.Tuber) იმპორტი და კილოგრამის 12 000 დოლარამდე ფასად გაყიდვა დაიწყო რესტორნებსა და ნატურალური პროდუქტების მაღაზიებზე.

ტრუფელის იმპორტი რთული საქმეა, რადგან მის კონტროლს 4 სხვადასხვა ფედერალური ორგანო ახორციელებს. გარდა ამისა, სოკოს ამ სახეობის ვარგისიანობის ვადა სულ 7 დღეს შეადგენს. პურკაიასტხამ არკანზასში ტრუფელის ამერიკაში პირველი სანერგე გახსნა, ხოლო მისი კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი 1 მლნ დოლარს მიუახლოვდა.

ჯოშუა დზიაბიაკი (Joshua Dziabiak)
2005 წელს 18 წლის ჯოშუა დზიაბიაკმა თავისი პირველი ჰოსტინგური კომპანია Mediacatch-ი 1 მლნ დოლარზე მაღალ ფასად გაყიდა. მან შეიძინა „მერსედესი“ და პლაზმური ტელევიზორი, ხოლო დანარჩენი თანხა ახალ საწარმოებში ჩადო, მათ შორის Showclix-ის ვებ-გვერდში, რომელიც კულტურულ ცენტრებს, კოლეჯებს, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა დაწესებულებებს ბილეთების ონლაინ, ტელეფონითა და სალაროდან გაყიდვაში ეხმარება. 2009 წელს მან 1 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია მიიზიდა, ხოლო მისი კომპანია 2.75 მლნ-ად შეფასდა. მალე, მოსაკრებელმა ბილეთებიდან (Showclix თითოეული გაყიდვიდან 7-15%-ს იღებს) მას 9 მლნ-ი მოუტანა.

ქემერონ ჯონსონი (Cameron Johnson)

ქემერონ ჯონსონმა თავისი პირველი მილიონი რამდენიმე კომერციული საწარმოს გახსნის შედეგად დააგროვა. მისი პირველი ბიზნესი – Cheers and Tears მან 9 წლის ასაკში დაიწყო. საკუთარ სახლში, ვირჯინიაში ქემერონმა Photoshop-ში მოსაწვევი ბარათები დაამზადა მშობლების წვეულებისთვის, სულ მალე კი შეკვეთები მშობლების მეგობრებისა და კოლეგებისგანაც მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ ბარათების გაყიდვიდან მიღებული თანხით მან საბითუმო ფასად რბილი სათამაშოები შეიძინა. მათი გადაყიდვით eBay-სა და Cheers and Tears-ის საიტზე, ჯონსონმა 50 000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

13 წლის ასაკში მან გამოიგონა My EZ Mail – სერვისი, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული წერილების გადასაგზავნად კონკრეტულ მისამართზე, მიმღების პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. მან დაიქირავა პროგრამისტი, რათა იდეა სისრულეში მოეყვანა და ორი წლის შემდეგ, My EZ Mail-ი რეკლამაზე თვეში დაახლოებით, 3000 დოლარს გამოიმუშავებდა.

1997 წელს ჯონსონმა ორ მოზარდ ბიზნესმენთან ერთად გადაწყვიტა სარეკლამო კომპანიის შექმნა. ისინი ყიდდნენ სარეკლამო განცხადებებს ინტერნეტში. მალე ჯონსონმა დაიწყო თანამშრომლობა DoubleClick-თან, L90-სა და Advertising.com-თან, რომლებიც შემოსავლის 30%-ს იღებდნენ. „მე 15 წლის ვიყავი და ყოველთვიურად ვიღებდი ჩეკებს 300 000 და 400 000 დოლარზე“, აცხადებდა იგი Forbes-სთან ინტერვიუში.

ჯონსონის კიდევ ერთი ბიზნესი CertificateSwap.com ადამიანებს ეხმარებოდა გაეყიდათ მათთვის უსარგებლო სასაჩუქრე ბარათები ონლაინში. სასაჩუქრე ბარათების გაყიდვა eBay-ზე უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ „აუქციონი ბარათის ღირებულებიდან 13%-ს იღებდა, ხოლო ჩვენ მხოლოდ 7.5%-ს“, აცხადებდა ჯონსონი. 2004 წელს 19 წლის ქემერონმა CertificateSwap.com ექვსნიშნა თანხად გაყიდა.

ადამ ჰილდრეტი (Adam Hildreth)
1999 წელს 14 წლის ასაკში ინგლისელმა ადამ ჰილდრეტმა ახალი სოციალური ქსელი შექმნა. ამ უკანასკნელის მეშვეობით, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Coca-Cola მომხმარებლებს ფოკუს ჯგუფებში იყენებდნენ მარკეტინგული სტრატეგიის შესამუშავებლად ახალგაზრდებისთვის. ადამი სააგენტო Dubit Limited-ის მმართველი დირექტორი იყო 4 წლის განმავლობაში. როცა ის 19 წლის გახდა, BBC-მ იგი დიდი ბრიტანეთის 20 ყველაზე მდიდარ მოზარდს შორის დაასახელა 2 მლნ ევროს (დაახლოებით, 3.7 მლნ დოლარი) ოდენობის კაპიტალით.

მაიკლ ფურდიკი (Michael Furdyk)
1996 წელს, მაიკლ ფურდიკმა, რომელიც მაშინ 16 წლის იყო, საკუთარი სახლის სარდაფში, ტორონტოს შემოგარენში, კომპიუტერების შესახებ ახალი საიტი MyDesktop.com გაუშვა. მის საიტზე იყო ბევრი რჩევა, რომელსაც ის ჩატში პოულობდა. იქვე მან გაიცნო თანატოლი მაიკლ ჰეიმენი ავსტრალიიდან. მალე ჰეიმენი ტორონტოში გადავიდა, რათა ფურდიკს ბიზნესის აწყობაში დახმარებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მეგობრებმა ბარტერით მოიპოვეს სერვერები და ოფისი. იმ დროისთვის MyDesktop.com-ს უკვე მოჰქონდა მათთვის 60 000-ის ოდენობის სარეკლამო შემოსავალი ისეთი დამკვეთებისგან, როგორიცაა მაგალითად Microsoft-ი.

1999 წელს ფურდიკმა, ჰეიმენმა და მესამე პარტნიორმა საიტი კომპანია Internet.com-ს მიჰყიდეს 1 მლნ დოლარზე მეტ თანხად.

დანიელ გომეს ინიგესი (Daniel Gomez Iniguez)
20 წლის დანიელ გომეს ინიგესი – კომპანია Solben-ის მფლობელია, რომელიც დაკავებულია პრესების შემუშავებითა და წარმოებით მცენარიდან ზეთის გამოსაწურად, რაც თავის მხრივ გამოიყენება დიზელის დასამზადებლად. პროდუქტის შემუშავება მან ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. პირველმა გაყიდვამ მას 150 000 აშშ დოლარი მოუტანა. მექსიკურმა კომპანია Monterrey-მ ახალგაზრდის ბიზნესში არსებობის პირველ წელს 1 მლნ-ზე მეტი თანხა ჩადო. ამჟამად კომპანიაში 15თანამშრომელი მუშაობს. 

რეიმონდ ლი (Raymond Lei)
უფროს კლასებში რეიმონდ ლი პრაქტიკას გადიოდა ჩინეთში, კომპანიაში, რომელიც დაკავებული იყო ვებ-კონფერენციებით. მოგვიანებით, ჩინელ მწარმოებლებთან შეხვედრა მას ძალიან გამოადგა. ლიმ დაიწყო მაისურების გამოწერა თავისი ჩოგბურთის გუნდისთვის პირდაპირ ჩინეთიდან. გაყიდვები გაიზარდა, ხოლო შეგროვილი 2200 დოლარით მან გახსნა ონლაინ კომპანია Ooshirts.com, რომელიც სპეციალიზებულია მაისურების გაყიდვაზე. კომპანიის დასახელებასთან დაკავშირებით ლი განმარტავს, რომ ორი ო Yahoo-სა და Google-ის გავლენით გამოიყენა, რადგან ორივე მათგანის დასახელებაში სწორედ ორი ო ფიგურირებს.

19 წლის ასაკში მან მიატოვა სწავლა კალიფორნიაში, რათა საკუთარ კომპანიაში ემუშავა. ახლა მას სამი თანამშრომელი ჰყავს და მის კომპანიას არ აუღია არც ერთი ცენტი გარე ინვესტიციის სახით. ლის განმარტებით, 2010 წელს მისი გაყიდვები 600 000-დან 900 000-მდე მერყეობდა. დღეს მისი კაპიტალი 2 მლნ-ს შეადგენს.

მილან ტეშოვიჩი (Milun Tesovic)
2002 წელს, როცა მილან ტეშოვიჩი 16 წლის იყო, მან მუსიკალური საიტი შექმნა, სადაც გართობის მიზნით მისი საყვარელი სიმღერების ტექსტებს აგროვებდა. 2 წლის შემდეგ გადაწყვიტა ეს საქმიანობა ბიზნესად ექცია. დღეს Metrolyrics.com-ის მონაცემთა ბაზა 2 მლნ სიმღერას აერთიანებს, ხოლო კომპანია თანხებს რეკლამის გაყიდვით გამოიმუშავებს. 2007 წელს, როცა ტეშოვიჩი ჯერ კიდევ 21 წლის იყო, მისმა მოგებამ 1 მლნ-ს მიაღწია. ახალგაზრდა ბიზნესმენი საქმეს სწავლასთან ათავსებს და კანადაში, სეიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტში სწავლობს. „მე განათლებას კარიერისთვის არ ვიღებ, ის ეხმარება პიროვნულ ზრდაში“ აცხადებს ტეშოვიჩი. 

ჯეიმი მიურეი უელსი (Jamie Murray Wells)
როცა უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი 2004 წელს შეეცადა შეეძინა წყვილი სათვალე, რომელიც მას სჭირდებოდა, საინტერესო ბიზნეს იდეა გაუჩნდა. სათვალის ფასით (300 დოლარი) გაოგნებულმა გადაწყვიტა სკოლა მიეტოვებინა, ხოლო თავისი სტუდენტური კრედიტი 2000 დოლარის ოდენობით დაეხარჯა იმაში, რაც შემდეგ Glasses Direct-ად იქცა. არსებობის პირველ წელს მისმა შემოსავალმა 2 მლნ-ს გადააჭარბა. 2010 წელს მოგებამ 5 მლნ-ს მიაღწია, თანამშრომლების რაოდენობამ 70-ს, ხოლო მიზიდულმა ინვესტიციებმა 34 მლნ-ი შეადგინა.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ